გასაიდუმლოებული და მუდმივად მზარდი უგულავას ხარჯები

გასაიდუმლოებული და მუდმივად მზარდი უგულავას ხარჯები

[თეონა ხარაბაძე]

ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება მუდმივად „ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე საუბრობს. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად იზრდება თანხები სახელმწიფო ადმინისტრაციის დანახარჯებისთვის. ცხადია, განსხვავება არის სტრუქტურებს შორის, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგადად ეს არის ამ ხელისუფლების ტენდენცია. უფრო უარესი კი ის არის, რომ ეს თანხები იხარჯება მოქალაქეთა გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან და მუდმივად გაურკვეველი რჩება, რაში რამდენი დაიხარჯა. ინფორმაციის მოუპოვებლობა კი მუდმივად არის დებატების საგანი. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის დამალვას თითოეული უწყება საგანგებოდ ცდილობს. განსაკუთრებით კი ის უწყებები, რომელთა მიმართებაშიც ყველაზე მეტი კითხვები არსებობს.

ერთ-ერთ ასეთ უწყებად თბილისს მერია ითვლება და, როგორც ჩანს,  მათგან სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. თუმცა, ინფორმაციის იმ ნაწილიდანაც, რისი მიღებაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შეძლო, კარგად ჩანს ბიუჯეტის ხარჯვის ტენდენცია.   

ისიც უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტმა მერიიდან ინფორმაცია სამჯერ გამოითხოვა და პასუხი მხოლოდ გასაჩივრების შემდეგ მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ მიღებულ ინფორმაციას, პირველ რიგში, ის უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის მერიის ჩინოვნიკებზე გასული წლის ათ თვეში პრემიის სახით ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსის, მისი მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების უფროსებზე პრემიის სახით, 2010 წლის 1-ელ იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე 578 443 ლარი გაიცა. რაც შეეხება 2009 წელს, ბიუჯეტიდან ამ მიზნით 620 654 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ზოგადი მონაცემი და აქედან რომელმა ჩინოვნიკმა რამდენი მიიღო, მკაცრად დაცულ საიდუმლოდ რჩება.

თბილისის მერიის საავტომობილო პარკზე ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 20 თვეში მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაციაც ზოგადი ხასიათისაა და არაფერია ნათქვამი მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალური გადანაწილების შესახებ თანამდებობის პირებზე, საწვავის ხარჯის ყოველთვიურ ზღვრულ ლიმიტსა და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობაზე 2009-10 წლების განმავლობაში.

მერიის მიერ გაცემული ინფორმაციით მხოლოდ ის ირკვევა, რომ თბილისის მერიის საავტომობილო პარკზე ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა 2009 წელს 533 232 ლარი შეადგინა, ხოლო 2010 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე - 506 582 ლარი.

განსაკუთრებით საინტერესო კი თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ სატელეფონო საკომუნიკაციო საუბრებზე დახარჯული თანხების მოცულობაა, რომელიც ოც თვეში 998 216 ათას ლარს შეადგენს.

ცხადია, არც აქ არის რაიმე იმაზე ნათქვამი, თუ ვინ რამდენი დახარჯა. მხოლოდ ის არის ნათქვამია, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა სატელეფონო საკომუნიკაციო საუბრებზე, 2009 წელს 514 739 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2010 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე - 483 477 ლარი.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ინფორმაციის თანახმად,

თბილისის მერიის ჩინოვნიკებმა 2010 წელს 2009 წელთან შედარებით სამივლინებო ხარჯები მკვეთრად შეამცირეს.

მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსის, მისი მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების უფროსების სამივლინებო ხარჯებზე თბილისის ბიუჯეტიდან 2009 წელს სულ 220 058 ლარი დაიხარჯა, 2010 წელს კი მხოლოდ 80 562 ლარი. ტენდენცია აქაც იგივეა და არ არსებობს ინფორმაცია, ვინ რამდენი დახარჯა.

მერიის მხრიდან არანაირი განმარტებები არ კეთდება. სამაგიეროდ, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ამ არასრული ინფორმაციიდანაც კარგად ჩანს, თუ ამ ხელისუფლებას რა პრიორიტეტები გააჩნია და, რაც მთავარია, ქამრები როგორა აქვთ შემოჭერილი.“

„როგორც იცით, წელიწადზე მეტია მერიაში წერილს წერილზე ვაგზავნი და იმ ინფორმაციის მიღებას ვითხოვ, რაც ისედაც საჯაროა და ღია უნდა იყოს. დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ რაიმე ინფორმაცია მივიღო. ფაქტია, რომ თანხები არასათანადოდ იხარჯება და ამაზე პასუხს არავინ აგებს,“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

რაც მთავარია, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ამ თანხების არამიზნობრივად ხარჯვა ორმაგი დანაშაულია“.