რა ხდება იაშვილის კლინიკაში

რა ხდება იაშვილის კლინიკაში

"გასულ კვირას იაშვილის კლინიკაში არეულობა იყო. ექიმების პროტესტის მიზეზი საავადმყოფოს ახალი მფლობელი გახდა. მათი განცხადებით, თურქი მეპატრონე თექინ ატიკი იაშვილის, ციციშვილის და "ახალი სიცოცხლის" თანამშრომლებს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფს, პაციენტებს დისკომფორტს უქმნის, საავადმყოფოში კი ხატებს კრძალავს. რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თექინ ატიკს პოლიციაში უჩივლა. მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა, მინისტრი დავით სერგიენკო პირადად შეხვდა თურქული კომპანია "უნივერსალ გრუპის" ხელმძღვანელ თექინ ატიკს და დატუქსა. მინისტრის თქმით, კლინიკა ძველმა მეპატრონეებმა ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თექინ ატიკი: "ხატები რომ დავინახე, გამიკვირდა".

"ჩვენი კომპანია აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და აფრიკაში ფლობს საავადმყოფოებს. შევიტყვეთ, რომ საქართველოშიც იყიდებოდა კლინიკები და უძრავი ქონების აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით "ავანტე ჯგუფის" წარმომადგენლებს - ზაზა კაპანაძესა და გია ნაცვლიშვილს. ეს კლინიკები ყველა კანონის დაცვით შევიძინეთ, ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში, დავით სერგიენკო რომ ამბობს, დაუკითხავად გაიყიდა კლინიკებიო, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ზუსტად არ მახსოვს, ვის შევხვდით ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ საბუთებში ყველაფერი წერია. უკანონოდ არაფერი შემიძენია და თუ მინისტრი სერგიენკო აღმოაჩენს კანონდარღვევას, წავალთ საქართველოდან. გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტი, წინასწარ შედგა თანამშრომლობის მემორანდუმიც, თანხა კი ხელმისაწვდომი არ არის, გაყინულია ანგარიში, რადგან ვამოწმებთ, რა ქონება გადმოგვცა ძველმა მფლობელმა. თუ დაგვაკლდება სამედიცინო აპარატურა, რომელიც საბუთების მიხედვით ჩვენ გვეკუთვნის, მის ღირებულებას გამოვაკლებთ გადახდილ თანხას, ანუ 20 მილიონს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თექინ ატიკი.

"არაფხიზელ მდგომარეობაში ერთხელაც არ მივსულვარ კლინიკაში. რაც შეეხება ღამის ე.წ. შემოვლებს, თურქეთში ასეთი წესი გვაქვს, რადგან ამ დროს შეგიძლია ყველაზე კარგად გაიგო, რა მდგომარეობაა კლინიკაში. მე ვარ თურქული მხარის წარმომადგენელი და შესაბამისად, მაქვს უფლება, ვიცოდე, რა ხდება კლინიკაში. ალაჰი მაღალია, მან იცის, რა არის სიმართლე და რა არა. ერთ-ერთი შემოწმებისას საავადმყოფოში შემხვდა გორელი ბიჭუნას მშობელი, მითხრა, 3 დღეა ჩემი შვილი აქ წევს და ტომოგრაფიის დისკს არ ამოწმებენ ექიმებიო. სხვათა შორის, ის დისკი დღემდე არ უნახავთ იაშვილის კლინიკის ექიმებს. ამაზე გავგიჟდი და მოვითხოვე დისკის შემოწმება, მითხრეს, კომპიუტერი არ მუშაობსო. არც არაფერი დამიმტვრევია და არც რეანიმაციაში შევვარდნილვარ - რას ეძახიან ეგენი რეანიმაციაში შევარდნას და სათვალის თავზე გადამტვრევას? აღელვებული ვიყავი, კომპიუტერის მონიტორი ავიღე და ისევ დავდე მაგიდაზე. თან ხმამაღლა გამოვთქვამდი უკმაყოფილებას", - განმარტავს რესპონდენტი

"მარინა ფირცხალავამ პოლიციაში მიჩივლა, თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, თითქოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, რამდენიმე დღის წინ კი ჩვენება შეცვალა და წერს, მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხმყოო. იქვე განმარტავს, რომ თურქული არ იცის და ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი შეურაცხყოფად მიიღო. რატომ შეცვალა ამ ქალმა ჩვენება, თუ ის, რასაც ამბობენ, სიმართლეა? რაც შეეხება "სექსის შეთავაზებას", თუ სინდისი უფლებას მოგცემთ, თავადაც შეგიძლიათ, აქედან რომ გახვალთ, იგივე დამაბრალოთ", დასძენს თექინ ატიკი და შეკითხვას - "ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება ვინ მიიღო თურქეთში?", პასუხობს:

"მე არ მითქვამს, რომ ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება თურქეთში მიიღეს, ეს არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ისლამში ცნება "ხატი~" არ არსებობს. პირველად ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელ დავით რეხვიაშვილის კაბინეტში რომ ვნახე კედელზე ხატები და გამიკვირდა, დათომ ამიხსნა, როგორც თქვენ გყავთ ათა თურქი, ისეა ჩვენთვის წმინდანებიო. ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ აგორდა, ძველი მმართველობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. ჩვენ შევისწავლეთ იაშვილის კლინიკის ფინანსური მხარე და აღმოჩნდა, რომ იქაურობა ფულის კეთების ბუდეა. დავიბარეთ კონკრეტული ადამიანი და ვკითხეთ, სად მიდიოდა ეს თანხა. ალბათ, იფიქრეს, ამათგან ვერაფერს მივიღებთო და დაგეგმეს ეს პროვოკაცია. საავადმყოფო ვისგანაც შევიძინეთ, მანაც იგივე გვითხრა, იმის გაკონტროლება, საით მიედინებოდა თანხები, ჩემთვის შეუძლებელი იყოო, ამიტომაც გაყიდეს".