"ბოლო საუკუნის უკიდურესად პოლიტიზირებულ სამყაროში არ მსმენია მეორე მაგალითი იმისა, რომ გამარჯვებულ პოლიტიკოსს, უფრო ზუსტად, გამარჯვებულ ხელისუფალს თავისი ნებით დაეთმო ძალაუფლება, ამაღლებულიყო პოლიტიკაზე, ანუ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მაღლა დაეყენებინა ადამიანობის ცნება... არ დაგიმალავთ, ძალიან მწყდება გული და, რა თქმა უნდა, არა მარტო მე - უამრავსა და უამრავ ადამიანს. ამასთანავე, მათთან ერთად მჯერა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არ მიატოვებს, საქართველო მისთვისაც ბედისწერაა", - აცხადებს მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ღმერთმა თითქოს ყველაფერი წაგვართვა და მარტო პოლიტიკოსები დაგვიტოვა" / "მჯერა, ივანიშვილი საქართველოს არ მიატოვებს".
"უაღრესად პოლიტიზირებულ სინამდვილეში ვცხოვრობთ. ღმერთმა თითქოს ყველაფერი წაგვართვა და მარტო პოლიტიკოსები დაგვიტოვა. ჩვენი ტელევიზიების მიხედვით საქართველოში მხოლოდ პოლიტიკოსები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, სხვა პროფესიის ადამიანები აღარ არსებობენ, ან თუ არსებობენ, მათ აღარც მწერლობა აინტერესებთ, აღარც თეატრი, აღარც მუსიკა და მხატვრობა, ეს რამდენად ნიშნავს ადამიანურ არსებობას, თვითონ განსაჯეთ. ამ ბოლო წლებში ბევრი რამ ხდებოდა ჩვენში ისეთი, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, ისედაც ყველამ იცის. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილას შადრევანი დგას, თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კი - ველოსიპედი! კულტურას სახელმწიფოს ხელი არც უნდა ეტყობოდეს. სახელმწიფო მას მხოლოდ ეკონომიკურად უნდა ეხმარებოდეს, მის გავრცელებაზე უნდა ზრუნავდეს, მით უმეტეს ჩვენისთანა მცირერიცხოვან ღარიბ ქვეყანაში, სადაც ჰონორარით ცხოვრება წარმოუდგენელიც კია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ჭილაძე.
"სახელმწიფომ ლიტერატურული და სახელოვნო ჟურნალები კი არ უნდა დახუროს, რაც ჩვენში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, არამარტო შეცდომა, დანაშაულიც იყო, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მათ გავრცელებას, თუნდაც პირადი მაგალითით. მე იმ აზრსაც ვემხრობი, რომ შეიძლება გაიხსნას ერთი სახელმწიფო გამომცემლობა - მაღალი მოთხოვნილებითა და მაღალი ჰონორარით. ასევე შეიძლება გაიხსნას ერთი თეატრიც, რომელიც მხოლოდ ეროვნულ დრამატურგიას წარმოადგენდა, რისი მსგავსიც რამდენიმე ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს. ამაზე ლაპარაკს მე ალბათ დილამდე ვერ დავამთავრებ, ამიტომ სჯობს აქ გავჩერდე. ერთს დავამატებ მხოლოდ: ყველაზე მძიმე ვითარებაში ჩვენი ხალხი გადარჩენის ინსტინქტით კი არა, ფხიზელი, გონებისმიერი ქმედებით ჩვენს უძველეს კულტურას თავდაცვის იარაღად გარდაქმნიდა, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია იგი. პირდაპირ რომ ვთქვა, დღევანდელ დღემდე ჩვენი ხალხი უძველესი და უნიკალური კულტურის წყალობით მოვიდა და სწორედ კულტურა იქნება მისი ღირსეულ მომავალში შესვლის გარანტი", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"უცნაურია, ამოდენა დრომ გაიარა, რაც ამქვეყნად ვარ და ჩემს არსებაში არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, მხოლოდ გარემოება არ ძერწავს ადამიანის პიროვნებას. უნებურად იბადება აზრი, რომ თვითეული ჩვენგანი რაღაც მისიით ვართ მოვლენილნი ამქვეყნად. შემთხვევით არაფერი ხდება. ვინც წვდება საკუთარი მოვლინების აზრს, ის სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება, ზოგჯერ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისი სახელი მთელი ისტორიის მანძილზე მოსდევს, მოჰყვება კაცობრიობას, როგორც საკუთარი არსებობის გამართლება, რწმენა და იმედი ყველა ადამიანის შესაძლებლობისა, ამდენად, როგორც ნუგეში ბიოლოგიურად მოკვდავი არსებისთვის... ბოლომდე ვერიდებოდი ამის თქმას, მაგრამ მაინც ვიტყვი - სიბერე საშინელებაა, "ჭირთა უფრო ჭირიაო", - ეს ჩვენმა ყველაზე დიდმა ადამიანმა თქვა. ამავე დროს, სიბერე და სიმშვიდე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, სიბერე საშინლად მღელვარე, დაძაბული და ტრაგიკული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. მე თუ მკითხავთ - სხვათა შორის, ჭკუას ყველგან და ყოველთვის მოხუცებს ეკითხებოდნენ, მშვიდი სიბერე არ არსებობს და ალბათ ასეც უნდა იყოს", - დასძენს თამაზ ჭილაძე.