დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ბრაზილიურმა „კორინთიანსმა“ ალეშანდრე პატო ლონდონის „ტოტენჰემში“ არ გაუშვა.
ცოტა ხნის წინ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა ნახევარმცველი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ გაყიდა. პატოს „ტოტენჰემში“ უელსელი ფეხბურთელი უნდა შეეცვალა.
ბრიტანელებმა ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკება წამოიწყეს, მაგრამ გუნდებს საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ.
ლონდონელები პატოს სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს იხდიდნენ. ეს თანხა „კორინთიანსის“ ხელმძღვანელობას სასაცილოდ არ ეყო, რადგან თავის დროზე მოთამაშე იტალიური „მილანიდან“ უფრო ძვირად შეიძინეს.
ალეშანდრე პატო ინგლისში გადასვლაზე თანახმა გახლდათ, მაგრამ მის სურვილს ასრულება არ ეწერა.