რამდენი უნდა ვსვათ მინერალური წყალი

რამდენი უნდა ვსვათ მინერალური წყალი

მინერალური წყალი ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მინერალური წყლები მტკნარი წყლებისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, სუნით, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება.

მინერალური ეწოდება წყალს, რომლის ერთ ლიტრში ზოგადი მინერალიზაცია აღემატება ერთ გრამს და შეიცავს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ გაზს, ამა თუ იმ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს და ასე შემდეგ.

მინერალური წყლები იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, ზედაპირულ და სიღრმისეულ წყლებად.

მაგალითად, ბორჯომის მინერალური წყალი ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანთა ჯგუფს განეკუთვნება. ის შეიცავს ნახშირორჟანგს და ამიტომ უწოდებენ ნახშირმჟავა წყლებს. სოდა, რომელიც ბორჯომის ძირითადი კომპონენტია, ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავში და ხვდება სისხლსა და ლიმფაში. იქ კი, ანეიტრალებს მჟავე პროდუქტებს და აძლიერებს ორგანიზმის ტუტიანობას.

თუ ბორჯომის წყალს ავადმყოფი მიიღებს ჭამამდე ერთი საათით ადრე, ეს გამოიწვევს კუჭის სეკრეციული ფუნქციის დაქვეითებას, ხოლო, თუ ამ წყალს დალევს ჭამამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე ან ჭამის დროს, მაშინ, სეკრეციის ფუნქცია გაძლიერდება.

ვისაც აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, დღეში სამჯერ, საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე, უნდა დალიოს ერთი ჩაის ჭიქა შემთბარი, გაზგასული ბორჯომი.

დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, ბორჯომის წყალი ადამიანმა უნდა დალიოს იმავე დოზით, ისევ შემთბარი და გაზგასული, ოღონდ, ჭამამდე ხუთი წუთით ადრე.

კუჭის ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე კატარის დროს, ეს წყალი ავადმყოფმა უნდა დალიოს საჭმლის მიღებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე და იმავე რაოდენობით. სანაღვლე გზების ანთების დროს კი მინერალური წყალი დალიეთ შემთბარი, ერთი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.