მართალია, Squid Game-ის პრემიერა 2021 წელს შედგა, თუმცა სერიალი პოპულარობას ისევ არ კარგავს და არც მაყურებლების პირველი ემოციების დავიწყებაა მარტივი. შეგახსენებთ, რომ სერიალმა რეკორდი დაამყარა და გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. ცოტა ხნის წინ კი ნეტფლიქსმა Squid Game-ის მიხედვით რეალითი შოუც გადაიღო, რომლის შესახებაც დეტალები ახალი ვიდეოს მეშვეობით გვამცნო.
როგორც ვიდეოში ვხედავთ, Squid Game რეალობად იქცა, თუმცა სერიალისგან განსხვავებით, შოუში წაგებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სერიალის მსგავსად, შოუში ცნობილ თოჯინასთან ერთად წითელ და მწვანე შუქსაც ვიხილავთ. ახალ რეალითი შოუში ერთმანეთს 456 ადამიანი $4,56 მილიონის მოსაგებად დაუპირისპირდება, რაც სიმბოლურია, რადგან სერიალში ფულის მოსაგებად ერთმანეთს სწორედ ამდენი ადამიანი უპირისპირდება.
Squid Game-ის მიხედვით გადაღებულ რეალითი შოუს მაყურებელი ნოემბერში იხილავს. მართალია, კონკურსანტების დავალებების შესახებ ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით, თუმცა შოუს შემქმნელებისა და პროდიუსერების თქმით, თითოეული მსახიობის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და უსაფრთხოების წესებს იცავენ.
"ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კონკურენცია გაყალბებულია ან მოთამაშეების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებათ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ უსაფრთხოების ყველა ზომას ვიცავთ, რაც კონკურსანტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვასა და ისეთი მსაჯების დაქირავებას გულისხმობს, რომლებიც სამართლიან თამაშს უზრუნველყოფენ", — ვკითხულობთ რეალითი შოუს შემქმნელების განცხადებაში.
გარდა ამისა, ნეტფლიქსმა Squid Game-ის მე-2 სეზონის შესახებაც ახალი დეტალები გაგვიმხილა. Squid Game-ის ახალი სეზონის პრემიერა 2024 წელს შედგება, სერიალში კი ისევ ითამაშებენ ლი იუნგი, ლი ბიუნ-ჰუნი, ვი ჰა ჯუნი და გონგ იო, რომელთა პერსონაჟებიც მაყურებელმა პირველ სეზონში გაიცნო.