ჩვენი რესპონდენტი ვიზაჟისტი და სტილისტი ქეთი შავიშვილია. ის პრეზიდენტ სააკაშვილის მაკიაჟზე ზრუნავს და ამიტომაც მოხვდა ჩვენი ყურადღების ცენტრში.
- რომელ ცნობილ ადამიანთან თანამშრომლობთ?
- თითქმის ყველა ვარსკვლავთან მითანამშრომლია, ვისაც კი ბათუმში უმღერია, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა პლასიდო დომინგო. როცა მას კონცერტის წინ მაკიაჟი გავუკეთე, აღფრთოვანებულმა შემომთავაზა, მეორე დღეს მასთან ერთად გავფრენილიყავი იტალიაში და მის პირად ვიზაჟისტად მემუშავა. რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზაჟისტი გახლდით, უარის თქმა მომიხდა... მე ვუკეთებდი მაკიაჟს სოფო ნიჟარაძეს, როცა მიუზიკლი "ქეთო და კოტე" გადიოდა ბათუმში.
- როდის შეხვდით სააკაშვილს პირველად?
- 2010 წელს შევხვდი. მანამდე დედამისთან, ქალბატონ გიული ალასანიასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა. ბათუმში ყოფნისას ჩემთან მოდიოდა, ძალიან უპრეტენზიო და უშუალო ქალია. იგივე შემიძლია ვთქვა რუსუდან და მაია კერვალიშვილებზე... ძალიან მიყვარს ნინო სურგულაძე, ყურადღებიანი და სასიამოვნო პიროვნებაა... 2010 წელს სააკაშვილს ჩართვა ჰქონდა ბათუმიდან, გაიკითხეს კარგი ვიზაჟისტი და ჩემი კანდიდატურა ურჩიეს. რომ დამირეკეს, პრეზიდენტს მაკიაჟი უნდა გაუკეთოო, ძალიან ვინერვიულე, ათმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს. მიშა თვითონაც მიხვდა, რომ ვნერვიულობდი და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ეს დაძაბულობა მოეხსნა. გამომკითხა, სად მქონდა მიღებული განათლება. მითხრა, თუ შენ მიერ გაკეთებული მაკიაჟი მომეწონება, ჩემთან იმუშავებო. მისი ძალისხმევით გავიარე ორკვირიანი სატელევიზიო მაკიაჟის კურსები ნიუ-იორკში. პრეზიდენტი ამერიკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ამის პარალელურად დავიწყე სწავლა.
- სახის რომელი ნაკვთების წარმოჩენას ცდილობთ, როცა პრეზდენტს მაკიაჟს უკეთებთ?
- კამერისა და განათების ფონზე სახე პრიალებს. მხოლოდ სახის კორექციას ვუკეთებ და სიპრიალეს ვუქრობ. ყოველთვის ცოტა დრო მაქვს მისთვის მაკიაჟის გასაკეთებლად. მუდამ ჩქარობს, შეზღუდულია დროში.
- რამდენი ვიზაჟისტი ჰყავს პრეზიდენტს?
- თბილისშიც ჰყავდა ერთი ვიზაჟისტი, ხოლო თუ დასავლეთ საქართველოში იყო ან საზღვარგარეთ მიფრინავდა, მე ვუკეთებდი მაკიაჟს და მასთან ერთად დავდიოდი. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხანდახან რამდენიმე საათით ადრე მიკავშირდებოდა მისი წარმომადგენლობა და მატყობინებდნენ, რომ პრეზიდენტის ჩამოსვლა იყო დაგეგმილი. პარალელურად სალონშიც ვმუშაობ, ეს სააკაშვილმაც იცოდა და მუდმივად მეკითხებოდა, დადიოდა თუ არა ხალხი სალონში, ჰქონდათ თუ არა გარეგნობაზე ზრუნვის საშუალება. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მუდმივად ხელს მიწყობდა მუშაობაში.
- ლევან ვარშალომიძესაც თქვენ უკეთებთ მაკიაჟს?
- არა, ლევანი სატელევიზიო ჩართვებისას მაკიაჟზე უარს ამბობს.