ცოტა ხნის წინ ბლექსმიტის ინსტიტუტის ამერიკის სამეცნიერო-კვლევითმა ორგანიზაციამ მსოფლიოში მდებარე ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული რაიონების რეიტინგი შეადგინა.
ანტირეიტინგში პირველი-ორი პოზიცია ჩინეთმა დაიკავა. პირველი მიეკუთვნა ქალაქ ლინფელს, სადაც მოიპოვებენ ქვანახშირს და ყველა ადგილობრივი საწარმო იყენებს მას, როგორც საწვავს. ამან გამოიწვია ის, რომ ჰაერი წარმოუდგენლად არის დაბინძურებული, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები იტანჯებიან რესპირატორული და კანის დაავადებებით, ასევე ფილტვების კიბოთი.
მეორე ადგილზეა ქალაქი ტიანჟინი - ტყვიის წარმოების ცენტრი. მისი შემცველობა ნიადაგსა და ჰაერში 10-ჯერ აღემატება ნორმას. ეს განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დეფექტები და პრობლემები განვითარებაში.
სიაში მესამე და მეოთხე ადგილი ინდოეთის ქალაქები - სუკინდასა და ვაპის უკავიათ. სუკინდაში მსოფლიოში უმსხვილესი ქრომის მადნის ღია მაღაროა. მისი მცხოვრებლები კუჭ-ნაწლავთა სისხლდენით, ტუბერკულოზითა და ასთმით იტანჯებიან.
ვაპში თავმოყრილია 50-ზე მეტი საწარმო, რომლებიც გარემოს აბინძურებენ მძიმე მეტალებით, პესტიციდებითა და ქიმიური ნარჩენებით. ვერცხლისწყლის დონე გრუნტის წყლებში ასჯერ აღემატება ნორმას.
სიბინძურით მეხუთე ადგილზეა პერუს ქალაქი ლა ოროია. მეტალების წარმოების გამო იქ ძალზე მაღალია ტყვიით დაბინძურების დონე. ადგილობრივი ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება.
მეექვსე ადგილზეა ქალაქი ძერჟინსკი. ეს ქალაქი რუსეთში ქიმიური წარმოების უმსხვილესი ცენტრია. იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მოკლეა, ხოლო სიკვდილიანობა - ბევრჯერ მეტი, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში.
მეშვიდე ადგილზეა რუსეთის ქალაქი ნორილსკი, სადაც ფერადი მეტალურგიის მსხვილი ცენტრებია. კატასტროფულ სიტუაციას ქმნის „ნორილსკის ნიკელი“, რომლის კომბინატებიდანაც ხდება მომწამლავი ნივთიერების ატმოსფეროში გაფრქვევა. ქალაქი მოწამლულია მძიმე მეტალებით. ნორილსკის მცხოვრებნი 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე რუსეთის დანარჩენ ნაწილში.
მერვე ადგილზე ჩერნობილი აღმოჩნდა - იქ ძველებურად ძლიერად მოქმედებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბირთვული კატასტროფის შედეგები.
მეცხრე ადგილზე მოხვდა აზერბაიჯანის ქალაქი სუმგაითი. ეს ქალაქი კასპიის ზღვის სანაპიროზეა და დიდი ნავთობქიმიური საწარმოებითაა ცნობილი.
ბოლო, მეათე ადგილი ანტირეიტინგში ზამბიის ქალაქ კაბვეს უკავია, სადაც ტყვიასა და თუთიას მოიპოვებენ. ქალაქის ყველა რაიონი ტყვიის ფერფლითაა მოფენილი, ხოლო ბავშვების სისხლში ამ მეტალის დონე 10-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.