ვინ არის ოპოზიციის „კაჟაია ბულავა“? - „საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი - ე.წ. ოპოზიციური სპექტრია“

ვინ არის ოპოზიციის „კაჟაია ბულავა“? - „საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი - ე.წ. ოპოზიციური სპექტრია“

ოპოზიცია ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას აანონსებს და სამოქალაქო დაპირისპირებას უყრის საფუძველს. for.ge-ს ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციების შესახებ სამოქალაქო ჯგუფებსა და პარტიებთან ყოველდღიურ რეჟიმში  კოორდინაცია აქვს და პროტესტის მთავარი მოთხოვნა იქნება - „არა რუსულ მთავრობას“. ოპოზიციაში სტრატეგიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმიღებაზე აგებენ და აცხადებენ, რომ თუ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ამ მოცემულობაში ვადამდელი არჩევნების გამორიცხვა არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ინიციატივით, საქართველოდან უკრაინაში წასული სტუდენტების მომზადება მიმდინარეობს თემაზე - როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ქუჩიდან. რადიკალურ პროცესებს ღიად აანონსებს გივი თარგამაძე და აცხადებს, რომ პოლიციის ერთი მანქანის დაწვა პრობლემა სულაც არ არის, რადგან ევროპაში პროტესტის დროს მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ.

ოპოზიცია რომ პროცესების რადიკალიზაციისთვის ემზადება, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი, რომლის განცხადებით, საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი - ე.წ. ოპოზიციური სპექტრია. წესით და რიგით, მას უნდა ეკავოს წამყვანი როლი, თუმცა ნებისმიერ „მსახიობს“, რომელსაც „სცენაზე“ მხოლოდ მერკანტილური მოტივაციაღა დარჩენია, მადლიერი „მაყურებლის“ აპლოდისმენტების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„არანაირი პარტიული თუ პროგრამული წინსვლის პირობებში დარჩენილი, ამ ეტაპზეც კურატორების დავალებების ძირითადი შემსრულებელი კვლავ „ნაცმოძრაობაა“. მასზე დაყრდნობით, ხელისუფლების „აყირავების“ მიზნით აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციური ბირთვების ჩამოყალიბების თაობაზე, სადაც ჩვენთვის კარგად ცნობილი გარე ძალების ზეგავლენით იგრძნობა საერთო პოლიტიკური ფრონტის ფორმირების სურვილი.

„ამყირავებლების“ აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ძირითად მოთამაშეებს შორის დაპირისპირება, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი უთანხმოების დარეგულირებას. განსაკუთრებით მატულობს მათ შორის პარანოიდალური ეჭვები, რომ მათ რიგებში ყოველი მეორე „სუს“-თან თანამშრომლობს - რაც არ არის ჩვენთვის ცუდი და ამ ეჭვების გაღვივებას მხოლოდ მივესალმებით. ასეთი გამოშიგნული, უუნარო და უსუსური ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, ამიტომ ამ ეტაპზე, გარე ძალების ჩართულობის გარეშე, ვითარების „აყირავების“ შიდა ავტონომიური რესურსი მათ არ გააჩნიათ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, სულ უფრო მატულობს შიდა დაპირისპირების ხარისხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით არ იკვეთება. ეს კარგად დასტურდება კობა ნაყოფიას მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიდანაც, რომლის თანახმადაც პოლარიზაცია დავიდა პარტიულ აქტივის დონეზეც, ხოლო კეზერაშვილზე BBC-ს სიუჟეტმა პარტიას მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, კობა ნაყოფია პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას ხედავს ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენაში, მისი მოსაზრებით, ახალ სკანდალს პარტია ვეღარ გადაიტანს.

„გარდა ერთმანეთში „სუს“- ელების პარანოიდალური ძებნა/გამოაშკარავებისა, „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებისა და უკმაყოფილების ძირითადი მიზეზია, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გაცემული, შეუსრულებელი დაპირება, რომლითაც აქტიურად პედალირებენ მელიას მხარდამჭერები. ასევე, როგორც თავად მიიჩნევენ, კატასტროფულად არასაკმარისი დაფინანსება (რაც კეზერაშვილის ფრთისთვის ხმის მიცემითაც არ გამოსწორდა) და ნიკა მელია, რომელმაც გადაიფიქრა პარტიის დატოვება და ახლის შექმნა - ის სარგებლობს შექმნილი ვითარებით, რა დროსაც სხვადასხვა ეთერებიდან ცდილობს მიიტანოს „შეტევა“ ხაბეიშვილის ფლანგზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას ცდილობს ვანო მერაბიშვილი, აღნიშნულისთვის მან მიმართვა გააკეთა უკრაინაში დავით არახამიასთან. დადასტურებული ინფორმაციით, სექტემბერში უკრაინის გავლით, ქვეყანაში იგეგმება 200 მილიონი დოლარის შემოტანა, რომელიც მოხმარდება მთლიანად ოპოზიციური სექტორის დაფინანსებას. საქმეში ჩართული იქნებიან დავით კეზერაშვილი და მიხეილ ხოდორკოვსკი.

შესაძლოა თანხები შემოვიდეს სხვადასხვა ფონდების ან ხოდორკოვსკის განკარგულებაში არსებული კომპანიების მეშვეობით. მერაბიშვილის განცხადებით, შემოსული ფული მოხმარდება ყველას, როგორც მცირე ისე დიდ „აქტორებს“. იმედია, „რუსული“ მაკონტროლირებელი კანონის არარსებობის პირობებში - თანხების გადანაწილება უფრო თამამად და „მხიარულად“ წარიმართება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციას რადიკალური პროცესების მართვის სურვილი აქვს, მაგრამ სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებს სერიოზული საპროტესტო აქციების გამართვას. მისი თქმით, ამისთვის არანაირი განწყობა მოსახლეობაში და საზოგადოებაში არ არის, თუმცა, რა იქნება შემოდგომაზე, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია.

„ქუჩის პროცესები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს გადადგამს, როგორიც გადადგა მაშინ, როდესაც გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან ის, რაც დაკავშირებული იყო აგენტების შესახებ კანონთან. ოპოზიციას ახლაც უნდა ასეთი გართულებების გამოწვევა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც თავად ოპოზიციაში ხდება. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ გაუგებრობას, მაგრამ არ არის საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში და ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ოპოზიცია. ასეთი განწყობის შექმნა მხოლოდ ერთს შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება“, თუ რაღაცა არაორდინალურ და მოულოდნელ ნაბიჯს არ გადადგამს, ოპოზიცია ვერ შეძლებს საპროტესტო აქციის აგორებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულია დიდი რაოდენობით თანხა, რომლითაც დაფინანსებულია მეხუთე კოლონა, რომელთაც მიზანია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები და ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი მუშაობა აქვთ ჩატარებული ახალგზრედების ნაწილში, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ნაწილში, რომლებიც პირდაპირ და ღიად მოუწოდებენ სტუდენტებს, რომ ისწავლონ იარაღის დაშლა და აწყობა.

„წარმოიდგინეთ, რა დონემდეა მისული ვითარება. ეს გირჩი ზურაბები, ეს ოდიოზური ფიგურები როგორიც არიან მაგალითად ხაბეიშვილები და სხვები, რატომ ლაპარაკობენ? - იმიტომ, რომ გარედან აქვთ დაცვის გარანტიები. თქვენ წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ჩაიყვანეს ერთ-ერთ ქვეყანაში, დააყენეს იმ ქვეყნის თავისუფლების ქანდაკების ფონზე და იქიდან აცხადებინებდნენ, რომ მე მხარს ვუჭერ ოპოზიციასო. ამ დროს ეს ოპოზიცია ცოცხლად წვავდა ჩვენს პოლიციელებს.

ჩვენ გავდივართ ახლა ბეწვის ხიდზე, რომლის ორივე მხარეს ხახადაღებული მგლებია და როგორ გავალთ ეს დამოკიდებულია ქართველი ხალხის სიბრძნეზე. მე ველი ყოველნაირ პროვოკაციას, ვინაიდან ესენი არიან ტროცკის მემკვიდრეები - ტროცკიზმია ეს სხვა არაფერი, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ვნახეთ რა ხდებოდა 7-8 მარტს, რა ხდებოდა 20 ივნისს, ვნახეთ სხვადასხვა ძალიან საშიში გამოვლინებები.

ესენი უცდიან კაჟაია ბულავას ხელის დაქნევას, დაუქნევს კაჟაია ბულავა ხელს და აყვირდებიან, აბღავლდებიან, დაწევს ხელს და დაწყნარდებიან. ვერ ხედავთ როგორ ორკესტრირებულად მიმდინარეობს ეს ყველაფერი და ამიტომ საჭიროა ასი თვალი და ასი ყური, არა მარტო სახელმწიფო ორგანოების მიერ, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის მიერ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.