„მილანიდან“ პაოლო მალდინის გათავისუფლება კლუბის სატრანსფერო გეგმებს შეცვლის. როგორც იტალიური მედია წერს, მალდინი მუშაობდა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, მარკო არნაუტოვიჩისა და დომენიკო ბერარდის ტრანსფერებზე.
თუმცა, ამ ეტაპზე სამივე მოლაპარაკება შეჩერებულია და დიდი შანსია გარიგება ჩაიშალოს. სამაგიეროდ, საფრთხე არ ემუქრება ტაიჯი კამადას ტრანსფერს, რომელიც იტალიურ კლუბს უდიდესი ალბათობით შეუერთდება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ მალდინი სტეფნო პიოლის გუნდიდან გაშვების ინიციატორი იყო. ლეგენდარულ ფეხბურთელს მისი გათავისუფლება და მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ სამსახურიდან გაშვების შემდეგ ცხადია, ეს გეგმაც ჩაიშალა.
პირლო და მალდინი თანაგუნდელები იყვნენ. ანდრეას სამწვრთნელო ასპარეზზე „იუვენტუსსა“ და „კარაგუმრუკში“ უმუშავია, ამჯერად კი სამსახურის გარეშეა. შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი „მილანიდან“ გუშინ გაათავისუფლეს.