ინგლისელმა მსახიობმა ბელა რემზიმ, რომელიც წელს ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად იქცა, გენდერულად დაყოფილ ნომინაციებში წარდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება მისთვის "უსიამოვნოა". ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც წლის დასაწყისში დაქამინგაუთდა, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირად იდენტიფიცირდება და გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელებით სარგებლობს.
"ამჟამინდელი ნომინაციები გენდერულად ძალიან დაყოფილ ენას გამოიყენებენ", — ამბობს რემზი. იგი პრესტიჟულ დაჯილდოებებზე მიუთითებს, სადაც, როგორც წესი, განცალკევებულია "საუკეთესო მსახიობი კაცისა" და "საუკეთესო მსახიობი ქალის" კატეგორიები.
ამის მიუხედავად, ბელამ Emmy-ის დაჯილდოებაში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა და ქალების ნომინაციაში წარდგენას დათანხმდა — იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს ასე არ აიდენტიფიცირებს.
"არ მინდა, ნომინაციის დასახელებისას გამოყენებულმა ენამ ჩემნაირ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე მსახიობებს აღნიშვნის შესაძლებლობა შეუზღუდოს", — ხსნის რემზი.
მსახიობის თქმით, ეს იდეალური არჩევანი არაა, მაგრამ ალტერნატივის მოძებნა უფრო რთულია. ამასთან, რემზი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის მეტი ინკლუზიური სივრცე გაჩნდება — მათ შორის, კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაშიც.
გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების საჭიროებაზე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა კიდევ ერთმა არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე მსახიობმა, ემა კორინმა, რომელსაც მაყურებლები The Crown-ში პრინცესა დაიანას როლის შესრულებით იცნობენ.
არაბინარული გენდერული იდენტობა — გენდერული იდენტობა, რომელიც არ განეკუთვნება გენდერის ბინარულ გაგებას (რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინდივიდი შეიძლება იყოს ან კაცი, ან ქალი).
სისგენდერი — ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა დაბადებისას მინიჭებული სქესის გენდერულ როლს ემთხვევა.
"მიჭირს, გამართლება მოვუძებნო იმ ფაქტს, როცა არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირი ხარ და ქალების ნომინაციაში ხარ წარდგენილი", — ამბობს კორინი, — "როცა საქმე კატეგორიებს ეხება, აუცილებელია, დავაკონკრეტოთ, კაცის როლისთვის ხარ ნომინირებული თუ ქალის როლისთვის?"
სხვათა შორის, გენდერულად ნეიტრალური კატეგორიების მნიშვნელობაზე ხაზი გაუსვიათ სისგენდერ მსახიობებსაც, მათ შორის, ქეით ბლანშეტს. ოსკაროსანმა ავსტრალიელმა მსახიობმა 2020 წელს განაცხადა, რომ "კარგი შესრულება კარგი შესრულებაა", თავად კი "მსახიობია" და არა "მსახიობი ქალი".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ცნობილ დაჯილდოებაზე გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების პრეცედენტი უკვე არსებობს. მაგალითად, ბერლინალეზე ეს ცვლილება 2021 წლიდან დაინერგა.