ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის მორიგი და უკანასკნელი ნამუშევრის პრემიერამდე, დაახლოებით, ერთი თვე რჩება. თუმცა, ანიმაციის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით — გარდა სახელისა და ერთადერთი პოსტერისა, რომელზეც პატარა ჩიტია გამოსახული.
წინათ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიაძაკის ბოლო ანიმე როგორ ცხოვრობ? იაპონელი მწერლის, იოშინო გენძაბუროს, ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში სტუდია ჯიბლის ხელმძღვანელმა ტოშიო სუძუკიმ ეს ცნობა გააქარწყლა და განაცხადა, რომ წიგნს და მომავალ ანიმეს მხოლოდ სახელი აქვთ საერთო.
"გულშემატკივრები კინოთეატრში უნდა წავიდნენ და თავად ნახონ, რის შესახებაა ფილმი", — ამბობს სუძუკი.
ამის მიუხედავად, მიაძაკის წინათ აღუნიშნავს, რომ გენძაბუროს როგორ ცხოვრობ? თავისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. ეს ბილდუნგსრომანი, რომელიც 15 წლის ბიჭის შესახებ გვიყვება, იაპონიაში 1937 წელს გამოიცა, მაგრამ დღემდე რჩება არაერთი თაობის საყვარელ ნაწარმოებად.
რაც შეეხება მიაძაკის, ოსკაროსანი Spirited Away-ის შემქმნელი წელს 82 წლის გახდა. უამრავი საქვეყნოდ პოპულარული ანიმეს, მათ შორის, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკისა და პრინცესა მონონოკეს რეჟისორი თავისი პერფექციონიზმითაცაა ცნობილი, რის გამოც ზოგჯერ მისი ფილმების წარმოება ჭიანურდება ხოლმე.
თუმცა, ყველაფრის პრემიერამდე გასაიდუმლოება მიაძაკისთვისაც უჩვეულო მიდგომაა. ამჯერად ხომ ახალი ფილმის არც ტრეილერია გამოსული და არც ის ვიცით, ვინ ახმოვანებენ პერსონაჟებს.
თუმცა, ეპოქალური რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევრის ჩვენების უფლება უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიყიდა. იაპონიაში კი ფილმს 14 ივლისიდან იხილავენ.