Prime Video Australia ბევრისთვის საყვარელი სიტკომის, ოფისის, ახალ ვერსიას იღებს, რომელშიც განყოფილების მენეჯერის როლს სთენდაფერი ფელისიტი ვარდი შეასრულებს. ახალ სერიალში მხიარული და უცნაური თანამშრომლების უფროსი მაიკლ სკოტი ან დევიდ ბრენტი კი არა, ჰანა ჰოვარდი იქნება.
ახალ ვერსიაში ჰანა ჰოვარდი სათავო ოფისიდან იგებს, რომ მისი განყოფილება იხურება და თანამშრომლებმა სახლიდან უნდა იმუშაონ. ამ ამბით შეშფოთებული კი ირაციონალურ ნაბიჯებს დგამს, რათა თანამშრომლები, რომელთაც ოჯახად მიიჩნევს, შეინარჩუნოს.
ახალი სერიალი ოფისის მეცამეტე ვერსიაა და პირველი იქნება, რომელშიც მთავარ, განყოფილების მენეჯერის როლს, ქალი შეასრულებს. ავსტრალიური ოფისის პრემიერა 2024 წელს გაიმართება.
ოფისის პირველი, ბრიტანული ვერსია, 2001 წელს გამოვიდა და პოპულარულობა მალევე მოიპოვა. თუმცა სერიალების მოყვარულთა გული კიდევ უფრო მოიგო სერიალის ამერიკულმა ვერსიამ, რომელშიც ოფისის მენეჯერის, მაიკლ სკოტის, როლს სტივ კარელი ასრულებს.