მიშა „მიუნჰაუზენის“ შეუსრულებელი „დაპირებები“

მიშა „მიუნჰაუზენის“ შეუსრულებელი „დაპირებები“

წინა კვირას მკითხველის სამსჯავროზე ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხალხში მოარული ანეკდოტების მორიგი „გამოშვება“ გამოვიტანე. იქვე ანონსის სახით მოგახსენეთ რომ მორიგ წერილში სააკაშვილის „დაპირებებს“ გაგახსენებდით. დანაპირებს დღეს ვასრულებ. ამ წერილზე მუშაობის პროცესში ბატონი მიხეილის არაერთი გამოსვლის გაცნობა მომიწია. მასალა იმდენი დამიგროვდა რომ ერთი ბროშურის გამოცემაც შემიძლია.

საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთი მმართველი გვყოლია, მაგრამ სააკაშვილისნაირი მატყუარა არცერთი. ადამიანი ხელისუფლებაში ჯერ მოსული არ გახლდათ და ქვეყნის მოსახლეობას არაერთ უტოპიურ დაპირებას აძლევდა. გაიხსენეთ ის პერიოდი. შევარდნაძის მმართველობის დრო იყო და საქართველო ერთი ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყნის სახელს ატარებდა. ამ დროს აშშ-დან ახალგაზრდა, ნიჭიერი და ამბიციური ლიდერი მოგვევლინა. სააკაშვილმა სამშობლოში „მოღვაწეობა“ აქტიურად დაიწყო. თავდაპირველად „ედიკას“ პოლიტიკის აქტიური გამტარებელი ბრძანდებოდა. მოგვიანებით, ცოტა რომ მომძლავრდა, „მასწავლებელს“ გვერდი უქცია და ფართო ასპარეზზე საკუთარი „ნაციონალური მოძრაობით“ გამოგვეცხადა. ამ დღიდან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. გაღატაკებულ ქართველობას „დიდი მიხეილი“ ერთგვარ მშველელად მოევლინა და რამდენიმე წელიწადში ყველა პრობლების სწრაფად გადაწყვეტას დაპირდა. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყანა ევროპის ყველაზე განვითარებულ ადგილად უნდა გადაქცეულიყო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ „ოპტიმისტი“ მიშა ამას დროის უმოკლეს ვადაში აპირებდა. ქვეყანას დღესაც არ ულხინს, მაგრამ განსხვავებით სააკაშვილისა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი „ოქროს მთებს“ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში არ გვპირდება.

დღევანდელ წერილში ათვლის წერტილად 2003 წლის 8 სექტემბერი ავიღე. არჩევნების დაწყებამდე სააკაშვილი ამომრჩევლებს შემდეგ დაპირებებს აძლევდა:

ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში:

1. არჩევნების შემდეგ მიღებულ პირველსავე ბიუჯეტში პენსია გახდება 28 ლარი, ხოლო მოქალაქეები შრომის სტაჟის და დამსახურებისმიხედვით ამის გარდა მიიღებენ კიდევ დანამატებს.

2. საქართველოში დაუყოვნებლივ გაუქმდება მიწის გადასახადი და მოხდება ძველი დავალიანების და საურავების ჩამოწერა.

3. მცირე ბიზნესი 2 წლით განთავისუფლდება ყველა გადასახადისაგან.

4. სამედიცინო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისათვის.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილმა სრულიად საქართველო ახალი დაპირებებით „გააბოლა“:

ქაღალდზე დარჩენილი დაპირებები

1. მიხეილ სააკაშვილი თავის მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა გაურკვეველი ვადით გაგვიგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.

2. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართული იურისდიქცია მშვიდობიანი გზით 2009 წლამდე აღდგებოდა.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა წააგო ომი, რის შედეგადაც მივიღეთ ახალი დაკარგული ტერიტორიები და ათეულობით ათასი დევნილი.

3. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა ძლიერ, პროფესიულ არმიას.

ნაცვლად ამისა, ქართული არმია დაშლის გზაზე მიიყვანა.

4. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სასამართლო სისტემა, რომელიც წარმოადგენს პროკურატურის კანცელარიას.

5. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ხელისუფლების დემოკრატიულ დანაწილებას და ორპალატიან პარლამენტს.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა მოახდენა მთელი ხელისუფლების უზურპაცია.

6. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა მედიის დამოუკიდებლობის დაცვას.

ნაცვლად ამისა, მედიის დატერორება და ჟურნალისტების ცემა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერად იქცა.

7. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა სრულფასოვანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

ნაცვლად ამისა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკარგვინა ქალაქს ქალაქის, სოფელს სოფლის და რაიონულ ცენტრს რაიონული ცენტრის ფუნქცია.

8. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ნაცვლად ამისა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრობის გამო სამშობლოს ტოვებს და სამსახურს საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს.

9. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ადგილობრივი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრების მოძიებას.

ნაცვლად ამისა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ის ბაზარი რაც ჰქონდა.

10. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ბიზნესისათვის ინვესტიციების მოზიდვას.

ნაცვლად ამისა, დღეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები გადაცემულია გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებზე.

11. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა კერძო საკუთრების დაცვას და ხელშეუხებლობას.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ასობით მოქალაქეს წაართვა და დაუნგრია კერძო საკუთრება.

12. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ძლიერი და ქმედითი პოლიციის სისტემის შექმნას.

ნაცვლად ამისა, მივიღეთ პოლიციის სისტემა რომელიც სიკვდილის ბრიგადებად გადაიქცა.

13. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ საპენსიო მინიმუმი გაუტოლდებოდა 100 დოლარს. ნაცვლად ამისა, პენსიონერებს დაპირების ნახევარიც არ დაუნიშნა.

14. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ეროვნული ღირსებების დაცვას.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს მცდელობა ხაზი გადაუსვას ყოველგვარ ეროვნულ ღირებულებას.

15. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა 100 საავადმყოფოს აშენებას.

ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განადგურდა ჯანდაცვის სისტემა.

16. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ 2009 წლამდე სიღარიბეს საბოლოოდ დასძლევდა.

ნაცვლად ამისა, სიღარიბესთან ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა უფასო სასადილოების გახსნით დაიწყო და სიღარიბე დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.

რატომ აირჩია ქართველობამ 2003 წელს სააკაშვილი პრეზიდენტად. უმთავრესი დაპირება, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება იყო. სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მაშინ კარგი ურთიერთობა გააჩნდა და შემდეგი სიტყვებით ამკობდა : „მე ვენდე პუტინს და არ შევმცდარვარ… პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს.“ რამდენიმე წლის შემდეგ კი - “ლილიპუტინი“, “სკამზე დადგეს და ისე მელაპარაკოს” და ა.შ…

სააკაშვილი ხალხის გულის მოსაგებად შემდეგ პიარ-ხერხებსაც მიმართავდა: „მე და სანდრა 3 ოთახიან ბინაში ვიცხოვრებთ“. „მე ხალხთან ერთად ვიფრენ თვითფრინავით“. „ჩემს მინისტრებს არ ექნებათ ძვირადღირებული სახლები და მანქანები“ და ა.შ… მიშას ეს ტყუილები თავის დროზე ხალხმა დაიჯერა.

2003 წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ მიტინგზე გამოსვლისას შემდეგი „ისტორიული დაპირება“ გასცა: „ჩემი პრეზიდენტობისას, თუნდაც 5 000-მა კაცმა რომ მოითხოვოს ჩემი გადადგომა, ეგრევე ქუდს დავიხურავ და წავალ!“

სააკაშვილის კიდევ ერთ დაპირებას გაგახსენებთ - „მე არ მექნება არანაირი მორალური უფლება, მეორედ ვიყარო კენჭი პრეზიდენტობისათვის, თუ ჩემი მმართველობის პირველ ვადაში არ დავიბრუნებ სამხრეთ ოსეთს...“

2015 წლისათვის სააკაშვილი საქართველოს „გაბრწყინებასა“ და წამყვანი ევროპული ქვეყნების გვერდით დგომასაც გვპირდებოდა:

„2015 წლისთვის ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სტანდარტების შესაბამისი იქნება. 2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს. 2015 წლისთვის საქართველოში 17 ჰესის მშენებლობა დასრულდება. 2015 წლისთვის ნავთობგადამმუშავებელი საწარმო ქვეყანას ნავთობპროდუქტებით მთლიანად დააკმაყოფილებს, რის შედეგადაც საქართველოში საწვავზე ფასები შემცირდება... და ა.შ“.

პრეზიდენტობის მეორე წლისთავზე - 2006 წლის 14 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი საქართველოს მზარდი ეკონომიკის მონაცემებს დაეყრდნო და ირწმუნებოდა, რომ იმ წელს საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი გახდებოდა, ხოლო 2008 წლისთვის ჩვენს ქვეყანას ექნებოდა შანსი, ალიანსის წევრი ყოფილიყო. პრეზიდენტმა აღნიშნა - ნატო-ს წევრობა ნიშნავს, რომ "საქართველოს საზღვრები იქნება ნატო-ს საზღვრები და ამ საზღვრებს დაიცავენ არა მხოლოდ ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები, არამედ ათასობით დასავლური თვითმფრინავი“...

უკვე 2008 წელს სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი ბრძოლა ელის, რომ ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და სიღარიბის წინააღმდეგ. კიდევ სამი წლის შემდეგ ერთ-ერთ ტელეეთერში სააკაშვილმა მოსახლეობას აცნობა, რომ ბოლო წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 50%–დან 20%–მდე შემცირდა. . .

მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ აღნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობაში უწინდელი სიყვარულით სარგებლობს. ნება მომეცით დღევანდელი წერილის დასასრულს სხვადასხვა ფორუმებიდან ამოკრეფილი ჩვენი მოქალაქეების რამდენიმე ნააზრევი წარმოგიდგინოთ.

„ჯერ მარტო ის გაიხსენეთ 2003-ში ადამიანი რომ გამოდის და იძლევა მეორე ვადამდე კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების გარანტიას, მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. ის ან შეურაცხდია ან უსინდისო.“

„რა შეასრულა საერთოდ? 2008 წელს ნატოში უნდა ვყოფილიყავით და 2009 წელს აფხაზეთი დაგვებრუნებინა. სხვაზე, რომ არაფერი ვთქვათ.“

„მეორე ენგურჰესის მშენებლობა 4 წელში. ქუთაიში 3 მილიარდი დოლარის ჩადება.“

„სიღარიბეო, უმუშევრობაო, თავისუფალი სიტყვაო, აფხაზეთის დაბრუნებაო, ნატოო...... ისე საიდან იგონებს ეს კაცი ამდენ დაპირებებს? ან ვინ აძალებს?“

„სააკაშვილის ახალი ლოზუნგი : - „დაპირება საქმის ნაცვლად !“

„სულ ტელევიზორში რომ არის აკრული ეს ადამიანი, როდის აკეთებს საქმეს?“

„მის რამდენიმე დაპირებას გაგახსენებთ: 50 დღიანი სიღარიბის დაძლევის პროგრამა. 50 თვიანი სიღარიბის დაძლევის პროგრამასაც. მსოფლიოს დავიპყრობთ ქართული ღვინითო და ა.შ და ა.შ“.

„საქართველოს სიღარიბის გარეშე“ - ამონაწერი მიხეილ სააკაშვილის ანდერძიდან... სიღარიბის გარეშე გულისხმობდა პენსიების გაზრდას 100 დოლარამდე თუ არ ვცდები 2008 წელს“.