ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დაფუძნებული არქიტექტურული კომპანია Zumo უჩვეულო იდეას გვთავაზობს. მან სოციალურ ქსელ Instagram-ზე გასაბერი ცათამბჯენების სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. პოსტში აღნიშნულია, რომ ასეთი "შენობები" ერთდროულად მდგრადიცაა და ინოვაციურიც.
"წარმოიდგინეთ ცათამბჯენები, რომლებიც უზარმაზარი ბუშტების მსგავსადაა აღმართული და ქალაქის ჰორიზონტს თავიანთი შთამაგონებელი არსებობით ცვლის. გთავაზობთ გასაბერი ცათამბჯენების რევოლუციურ კონცეფციას, რომელიც არქიტექტურულ საოცრებასა და მდგრად ინოვაციას აერთიანებს", — ვკითხულობთ პოსტში.
Zumo-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები Midjourney-ის სახელით ცნობილი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და მას ჯერ მხოლოდ იდეის სახე აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, მომავალში ასეთი "შენობები" მართლაც ვიხილოთ. როგორც ამ სურათებიდან ჩანს, გასაბერი ცათამბჯენები მსუბუქი და ელასტიკური მატერიისგანაა
"აგებული" და ჰორიზონტს ჰარმონიულად ერწყმის.
ასეთი ცათამბჯენები ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგის მიღწევა უფრო ტრადიციული შენობებითაცაა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, მსოფლიოში სიმაღლით მეორე ცათამბჯენი შანხაის კოშკი, რომელიც უზარმაზარი ზომის მიუხედავად, ძალიან ენერგოეფექტიანი, გამძლე და ნაკლებ ემისიურია.