მოხუცი ხოშია

მოხუცი ხოშია

ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა:

“ხალხური სიტყვების ძიებაში უამრავი ადამიანი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი. მათზე ბევრი მოგონება შემომრჩა. არაგვისპირეთში მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ:

- ჩემს მეგობარ გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა, მოთქმა-ტირილი დაიწყო.

მე ვუთხარი, რადგან ასეა, მოდი, დედა-შვილად გავიფიცოთ, მიშვილეთ-მეთქი. მართლაც იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, დედა-შვილად გავიფიცეთ.

ამ რიტუალს გოგი წიკლაური ხელმძღვანელობდა. რიტუალის შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რადგან შენი ძმა ვარ, სახლის ნაწილიც მეკუთვნის-მეთქი და ყველაზე ლამაზი ოთახები ამოვირჩიე.

ამ დროს მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილმა უთხრა, დედი რა გატირებს, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცმა უთხრა, შვილო, უკვე ოთხმოცდაათ წელს ვუახლოვდები, საცაა მოვკვდები და ვახუშტი რომ ისევ დაობლდება, იმაზე ვტირიო. მე როგორც ერთხელ დაობლებულს, მის ნათქვამზე ცრემლი მომადგა, ალალმა შვილებმა კი კარგად იხალისეს.