კონსტანტინეს ვარიები

კონსტანტინეს ვარიები

ბატონი ლადო მრელაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ერთ სახალისო მოგონებას არაერთხელ ყვებოდა:

„კონსტანტინე გამსახურდია ხშირად დადიოდა კახეთში და თელავის რაიონის ერთ-ერთი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარესთანაც მეგობრობდა, რომელსაც ნიკოდ მოიხსენიებდა. ერთხელ ასეთი რამ მიამბო:

- ერთი კვირა დღისთვის სანადიროდ დამპატიჟა ნიკომ, ჭაბუკო. წავედი. შუადღემდე კარგადაც ვინადირეთ და მერე კაი დროც გავატარეთ. სუფრაზე ვიღაცამ თქვა - თელავში ქათმები კვირაობით ძალიან იაფიაო. ვიფიქრე: ათიოდე რომ ვიყიდო, თბილისში ცოცხლები წავიყვანო და ეზოში გავუშვა, ძალიან ჭკვიანური იქნება-მეთქი.

წავედი ბაზარში. თოთხმეტი ვარია ვიყიდე და ნიკოსთან მივიყვანე. შოფერს ვუთხარ: მანქანა შეკაზმე-მეთქი, მაგრამ ვინ გამოგიშვა.

საღამომდის ვისხედით სუფრასთან. სანამ კარგად არ ჩამობნელდა, მანქანას არ გამაკარეს.

როცა თბილისში დავბრუნდი, იმ დღისთვის ღირებული ორიოდე შთაბეჭდილება ჩავიწერე და მერე დავწექი.

შუაღამისას საშინელი ბრახუნი ატყდა ჭიშკარზე. უმალ ფეხზე წამოვარდი. ოცდაჩვიდმეტი წელია და დღე-დღეზე დაპატიმრებას ველოდები. ჩავიცვი ტანზე, პიჯაკის ჯიბეში ჩემი ბრაუნინგი ჩავიდე და გარეთ გავედი. ლოგინიდან ჭიშკრამდე მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოლენტივით გამირბინა თვალწინ, ჭაბუკო. რაც მე ბუტირსკის ციხეში გადავიტანე, გადავწყვიტე: ცოცხალი თავით არ დავნებებულიყავ! ამოვიღე ჯიბიდან ბრაუნინგი და მეხივით ვიქუხე:

- ვინა ხართ-მეთქი?

ჭიშკრის გარედან მოკრძალებით დაიკნავლეს:

- თელაველები ვართ, ბატონო კონსტანტინე, გვაპატიეთ, ამ შუაღამით თქვენი შეწუხება – თავმჯდომარემ გამოგვზავნა: ვაი, თქვენი ტყავის ბრალი, თუ ამ ვარიებს ახლავე ქალაქში არ ჩაუყვანთ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასო! ვარიები დაგრჩენიათ თავმჯდომარესთან, ბატონო კონსტანტინე.

კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ვიდექი და სიმწრის ოფლს ვიწმენდდი სახიდან. ახლა, შენ წარმოიდგინე, ჭაბუკო, როგორ სიხარულს მომგვრიდა იმ დროს იმ ვარიების ჩამოყვანა თბილისში”.