თამადობა ფრანგულად, ფრანგულის გარეშე

თამადობა ფრანგულად, ფრანგულის გარეშე

მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

 

ბატონი თემურ ჩირგაძე პროფესიონალი მსახიობი არ გახლდათ. ის ექიმი იყო, მაგრამ თუნდაც “ცისფერ მთებში” მის მიერ განსახიერებული როლის შემხედვარე ამას ძნელად თუ დაიჯერებდით. თემურ ჩირგაძე მის თაობაში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. ამისი ერთ-ერთი მიზეზი საოცარ ადამიანურ ღირსებებთან ერთად ისიც იყო, რომ არაჩვეულებრივი თამადა გახლდათ. საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონდა და მის მიერ წაყვანილი ნებისმიერი სუფრა ერთგვარ მონოსპეკტაკლს ემსგავსებოდა.

 

ერთხელ თბილისში ფრანგი მსახიობი ჟერარ ფილიპის მეუღლე ან ფილიპი ჩამოვიდა. თამადად თემური აირჩიეს, რომელმაც მთელი სუფრა ფრანგულად წაიყვანა, არადა, ყველამ იცოდა, რომ ამ ენაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მეგობრები გაოცებულები შესცქეროდნენ, ფრანგები კი მის საუბარზე სიცილით იხოცებოდნენ.

 

ფილიპმა მთელი დიალოგი ჩაიწერა, მეორე დღეს კი გურამ ასათიანს დაურეკა და უთხრა: დილით ცუდ გუნებაზე გავიღვიძე, გადავწყვიტე გუშინდელი ჩანაწერი მომესმინა და გავმხიარულებულიყავი, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე. იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაციო.

 

მსახიობი გია ფერაძე მეტად ტრაგიკული პიროვნება აღმოჩნდა. მისი ახლობლები ამტკიცებდნენ, რომ მხატვრულ ფილმში “არასერიოზული კაცი”, მის მიერ განსახიერებული როლი, იგივე გია ფერაძე იყო რეალურ ცხოვრებაში. გია უზადო იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იყო და მისი მრავალი გამონათქვამი იმდროინდელ თბილისში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.

 

ცნობილმა საერთაშორისო მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა ეთერში წარმოსთქვა “ცნობილი ტექსტი”: - ამერიკის პრეზიდენტს რეიგანს ნუ დაავიწყდება ქართული ანდაზა: “ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. მეორე დღეს გია ტელევიზიის დერეფანში დახვდა. – რეიგანის ნიღბით, შავ კოსტიუმში გამოწყობილი. შორიდან დაუძახა: - ბატონო აბონ! რა გინდათ ჩემგან, რატომ არ დამანებებთ თავს? სანამ გია მიუახლოვდებოდა, გაოგნებული აბონ ციციაშვილი უკან, სტუდიაში შესვლას ცდილობდა.

 

გიას მეგობარი შეხვდა და ეკითხება:

 

– ნანული სარაჯიშვილი როგორ არის? (ნანული გიას მეგობარო იყო )

 

– ახლა რა უშავს, ადრე სულ ვალებში იყო, ძლივს გაისტუმრა ახალი ბიზნესის წყალობით.

 

– რა ბიზნესი აქვს?

 

– რუსთაველზე ერთი კიოსკი დაიქირავა და დააწერა “ცხელ-ცხელი თბილისური ჭორები”. ზის შიგ მთელი დღე და გამვლელ-გამომვლელზე თითო ჭორს თითო მანეთად ჰყიდის. იმდენი შემოსავალი აქვს, მალე მანქანის ყიდვას აპირებს.

 

ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ნარდის თამაში უყვარდა. როდესაც წააგებდა პატარა ბავშვივით ჩხუბობდა. ამის გამო მოთამაშეები მუდმივად ებუტებოდნენ. ერთ დღესაც იპოლიტემ ოჯახის წევრებს შემდეგი ხელწერილი დაუწერა:

 

 “მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების (ნარდში) წინაშე დავიცვა მოთამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი.

 

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ, მაინც წამისწრებენ და რა ფასი აქვს!

 

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო, კიკა და ა.შ...

 

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს ჩემს სასარგებლოდ, არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია.

 

4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში.

 

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე.

 

6. ვადასტურებ ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირაცა და მარიკაც ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან, ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის.

 

ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ. რაზეც ხელს ვაწერ: იპ. ხვიჩია. 19. 11. 78 წელი. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი ბაბუ!“

 

მედეა ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის ლეგენდად ქცეულ სიყვარულს ზოგჯერ ეჭვიც თან ახლდა. სვანეთში გადაღებაზე მყოფ მედიკოს რეზოც გაჰყვა, ტახზე წავინადირებო, თან ჟაკანით დატენილი თოფიც წაიღო. რეზოსა და მედეას რაღაცაზე კამათი მოსვლიათ, წაკინკლავებულან. რეზოს თოფი გადმოუღია, მედეა ლულაზე დაკიდებია. შემდეგ როდესაც მედეა ჯაფარიძე ამ ამბავს ჰყვებოდა, ერთსა და იმავე მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას: – წარმოგიდგენიათ, ღორის ტყვიით მკლავდაო. რეზოს უთქვამს, მედიკო, შვლის ტყვიით რომ მომეკალი, რა შეღავათი იქნებოდაო.

 

ქართული კინოსა და თეატრის კოლორიტული მსახიობი ბორის წიფურია ხშირად ხუმრობდა, ჩემმა პერსონაჟმა რაც ქალი გააუპატიურა ჭაობებში, მას მერე დაეცა ქალებში ჩემი ავტორიტეტი და ამიტომაც დავიარები უცოლოდო. ერთხელ ქუჩაში თავისთვის წყნარად მიდიოდა. ერთმა ქალმა მიაძახა, მოძალადე, მუსუსო, გათახსირებულოო. ეს ლანძღვა, ცხადია მის გმირს ეკუთვნოდა. ზოგს შეიძლება თავი არ შეეწუხებინა ახსნა-განმარტებით, მაგრამ წიფურიამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ქალს აუხსნა, არ ვარ გლახა და გვარის შემარცხვენელი. ცუდი კაცების როლებს მაძლევენ რეჟისორები და მათ კისერზე იყოს ჩემი არაკაცობის ცოდვაო.

 

ცნობილი დირიჟორი დიდიმ მირცხულავა სესილია თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა. კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა. ერთხელაც გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა: - ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.

 

დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა. და, აი, ერთი კვირის შემდეგ სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: - ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ.

 

ამ სახალისო შემთხვევამ კიდევ ერთი ისტორია გამახსენა. ერთხელ სესილიას სპექტაკლის დაწყების წინ გოგონებმა ქათინაური უთხრეს:

 

- რა ლამაზი კაბა გაცვიათ.

 

- სპექტაკლის შემდეგ პაემანზე მივდივარ, - უპასუხა განსაკუთრებული სერიოზულობით. ატყდა სიცილი.

 

- რა გაცინებთ, თქვე დურაკებო. კი არ დავბერდი, თაყვანისმცემელმა მაჩუქა, - არ დაიბნა სესილია.

 

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ბატონი ნიაზ დიასამიძე გავიხსენოთ.

 ბაქოში მატარებლით ჩასული ნიაზ დიასამიძე ბაქანზე აყვირდა:

 

- ნასილშიკ!

 

მოვიდა ერთი. ნიაზი მაინც ყვირის: - ნასილშიკ! მოვიდა კიდევ რამდენიმე. ნიაზი თავისას არ იშლის: - ნასილშიკ! და როცა მებარგულეები ბლომად მოგროვდნენ, ნიაზი კითხულობს:

 

- ვსე ზდეს?!

 

- ვსე!

 

- ვამ პრივეტ ატ ტბილისკიხ ნასილშიკოვ.