„რეალი“ კაკას ემშვიდობება

„რეალი“ კაკას ემშვიდობება

გუშინ დილით ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა მადრიდის „რეალის“ დატოვებასა და კარიერის კლუბ „მილანში“ გაგრძელებას აპირებს.

31 წლის მოთამაშეს მომავალ მსოფლიო პირველობაზე თამაში სურს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება. ფეხბურთელს პრობლემები გასული სეზონის დასაწყისში დაეწყო, როდესაც „სამეფო გუნდის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ბატონი ჟოზე მოურინიო კაკას ნაკლებად ენდობოდა და სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუზღუდა.

2012 წლის ზაფხულში ნახევარმცველს „მილანში“ გადასვლა სურდა, მაგრამ მაშინ კლუბების ხელმძღვანელებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ანალოგიური სიტუაცია მიმდინარე წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებშიც განმეორდა.

ცოტა ხნის წინ „რეალი“ კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. ბრაზილიელმა იტალიელ ფეხბურთის სპეციალისტსაც თავი ვერ მოაწონა. მადრიდული გუნდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა  კაკას გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობილი გახდა, რომ „სამეფო გუნდი“ ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს, „მილანი“ კი ჯერჯერობით მხოლოდ 8 მილიონის გადახდას აპირებს.

დღეს ორივე გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს მადრიდში შეხვდებიან და ერთობლივი  შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, კაკას იტალიაში გადასვლაში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება და უკვე ორშაბათს „მილანის“ ფორმას ოფიციალურად მოირგებს.