ევროვიზია შვედეთში ბრუნდება — ალბათ უკვე იცით, რომ წლევანდელი ევროფესტივალის გამარჯვებული სწორედ შვედი შემსრულებელი ლორენი გახდა. ლორენმა საკუთარ ქვეყანას რეკორდული მე-7 გამარჯვება მოუტანა, თავად კი პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც ეს კონკურსი ორჯერ მოიგო. ასე რომ, 2024 წლისთვის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბრიტანეთიდან სკანდინავიაში გადაინაცვლებს.
შვედეთი სამზადისს უკვე შეუდგა. ფანებს კი დიდი მოლოდინები აქვთ — ლორენის მოგებისთანავე დაიწყო განხილვა იმის შესახებ, ვიხილავდით თუ არა პოპულარულ შვედურ ჯგუფ ABBA-ს მომავალი წლის ევროვიზიაზე. ეს კი მართლაც სასიხარულო იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024-ში ABBA-ის კონკურსზე გამარჯვებიდან 50 წელი სრულდება. აღსანიშნავია, რომ პოპჯგუფის ვარსკვლავური მსოფლიო კარიერა სწორედ ევროფესტივალზე გამარჯვებით დაიწყო.
თუმცა, როგორც ჩანს, ABBA-ის სამომავლო გეგმებში ევროვიზიაზე გამოჩენა არ შედის. BBC-ისთან ჩაწერილ ინტერვიუში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ბენი ანდერსონი, ამბობს, რომ მომავალი წლის ევროფესტივალისთვის გაერთიანებას არ აპირებენ.
"მე ეს არ მინდა", — ამბობს ბენი, — "და თუ მე არ მინდა, არც ისინი გააკეთებენ ამას. ოთხივე ჩვენგანისთვის ასეა; ერთ-ერთი მაინც თუ უარს ამბობს, გადაწყვეტილია".
ამ აზრს იზიარებს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ბიორნ ულვეუსი.
"50 წლის იუბილე ევროვიზიის სცენაზე ყოფნის გარეშეც შეიძლება აღვნიშნოთ", — ამატებს ბიორნი.
მართალია, ჯგუფის წევრები უარს ყოყმანის გარეშე ამბობენ, მაგრამ ფანებს იმედი მაინც შეიძლება ჰქონდეთ. ბოლო-ბოლო, ვინ იფიქრებდა, რომ ABBA ამ ორიოდე წლის წინ, ლამის 40-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალ ალბომს გამოუშვებდა და საკონცერტო ტურნეს წამოიწყებდა?!
არც ის ამბავია დასავიწყებელი, რომ ჯგუფს და ევროვიზიას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. ABBA-ის სიმღერა Waterloo, რომლითაც შვედეთმა 1974 წელს ევროფესტივალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, ნახევარი საუკუნის შემდეგაც რჩება კონკურსის გულშემატკივრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მელოდიად. ABBA-ის წევრები კი ევროვიზიაზე გასულ წლებშიც გამოჩენილან — მათ შორის, 2013 წელს, როცა კონკურსს ისევ შვედეთი მასპინძლობდა და ბენიმ და ბიორნმა საგანგებოდ ამისთვის დაწერეს სიმღერა We Write the Story. გარდა ამისა, მუსიკოსებმა 2021 წელს ისიც განაცხადეს, ბრიტანეთისთვის საევროვიზიო სიმღერის დაწერაზე იფიქრებდნენ, თუკი მას დუა ლიპა იმღერებდა.
2024 წელს კი ევროვიზია უკვე 68-ედ გაიმართება. მართალია, იქამდე ლამის მთელი წელი გვაშორებს, მაგრამ ერთი საინტერესო სიახლე უკვე ვიცით — კონკურსზე 30-წლიანი პაუზის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ლუქსემბურგი, ბრუნდება.