რობერტო მანჩინი მოსკოვის „სპარტაკს“ ჩაიბარებს

რობერტო მანჩინი მოსკოვის „სპარტაკს“ ჩაიბარებს

ბოლო თვის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკს“ მძიმე დროება დაუდგა. გუნდმა რუსეთის პირველობაზე კარგი სტარტი კი აიღო, მაგრამ უკანასკნელ ტურებში გამარჯვების გემო გადაავიწყდა.

გუშინ ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე შვეიცარიულ „სენტ გალენთან“ მოულოდნელად დამარცხდა - 2:4. რასაკვირველია რუსეთის „სახალხო გუნდმა“ ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობა ვადაზე ადრე დაასრულა.

დღეს დილით რუსულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვური გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი თანამდებობიდან გადადგება, მის ადგილს კი ცნობილი იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი რობერტო მანჩინი დაიკავებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის წინა სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი დამრიგებელი უმუშევარია.

რუსული მას-მედიის მსგავსად, რამდენიმე საათის წინ იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ მანჩინი ხვალ მოსკოვში ჩაფრინდება და „სპარტაკის“ პრეზიდენტ ლეონიდ ფედუნს მომავალი კონტრაქტის პირობებზე დაელაპარაკება.