ლიანა ისაკაძის ფესტივალზე "ღამის სერენადებზე", რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში იმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტომობილით მივიდა. უჩვეულო აქ ის არის, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება გარდა სანდასუფთავების, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის და სამაშველო ჯგუფის მანქანებისა, ყველასთვის აკრძალულია. "ლეიბორისტული პარტიის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე ავთანდილ ბერიძის ავტომობილის ბულვარის პერიმეტრზე გადაადგილების ამსახველ ფოტო მასალას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ ”რაც 25 აგვისტოს საღამოს მოხდა, საქართველოს ისტორიაში არც ერთ მმართველს არ უკადრია”.
დავით რობაქიძე "ამბები.გე"-სთან იხსენებს, თუ როგორ შევიდა ავტომობილი ბულვარის პერიმეტრზე და რატომ დაიხურა ფოტოების გადაღების დროს ავტომობილის კარი:
"საღამოს 21:00 საათი იქნებოდა, შეღამებული იყო, როდესაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ავტომობილი ბულვარის ტერიტორიაზე გაეტარებინა. მეც იქვე ვიდექი და რაციაზე საუბარი გავიგონე. რამდენიმე წუთში შავი "ჯიპი" სანომრე ნიშნებით SCA 041 მოვიდა დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან საზაფხულო თეატრის მოპირდაპირედ, რომელსაც გუხსნეს ჯაჭვი და შეუშვეს. ვკითხე დაცვის პოლიციას, რატომ უშვებდნენ ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანას. პასუხი იყო, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება. გავყევი ავტომობილს, მივედი თეატრთან და მანქანისთვის ფოტოების გადაღება დავიწყე. როგორც კი დამინახეს ფოტოებს ვიღებდი, უკვე გახსნილი მანქანის კარი დახურეს და თეატრის წინა შესასვლელისკენ აიღეს გეზი. კიდევ 200 მეტრი ბულვარის ტერიტორიაზე მანქანით ისეირნეს. სანამ მათ წამოვეწეოდი ავთანდილ ბერიძე უკვე თაეტრში შევიდა. საღამოს 21:00 საათზე ბულვარში მოსეირნეთა პიკია და ადამიანები ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიან, ავთანდილ ბერიძემ კი ბულვარში მანქანით სეირნობა მოინდომა. მისგან განსხვავებით, ზოგი მაღალჩნოსანი ფეხით მივიდა ბულვარში", - აღნიშნა დავით რობაქიძემ.
"ამბები.გე" ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს გურამ ჩიქოვანს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი იცის 25 აგვისტოს ავტომობილის SCA 041 ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ. მისივე თქმით, ბულვარის ადმინისტრაციას არ გაუცია ბრძანება აღნიშნული
ავტომობილის ბულვარში შესვლის თაობაზე.
"24 საათში 3-ჯერ შედის სანდასუფთავების მანქანა, სასწრაფოს ბრიგადა კი მუდმივად დგას ბულვარში, სამაშველო სამსახურიც ადგილზეა. ასეთი ტიპის მანქანები არ შედიან ბულვარის პერიმეტრზე. 25 აგვისტოს საზაფხულო თეატრში იყო კონცერტი, თუმცა ასეთი ფაქტი, რომ ვინმე მანქანით მისულიყო თაეტრთან, არ ვიცი. არის ფაქტები, როცა ზოგი შედის ბულვარში ავტომობილით, ჩვენი მხრიდან ხდება სასწრაფო რეაგირება და გაგვყავს ბულვარის პერიმეტრიდან", - აღნიშნა გურამ ჩიქოვანმა.
დავით რობაქიძე მომხდარის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლებას სთხოვს.