ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაერთიანებისა და დახმარების ბრალდებით კონტრტერორისტულმა ცენტრმა შვიდი პირი დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც მოთავსებულია შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. როგორც ირკვევა, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
გამოძიების მიერ ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ორუჯ მამედოვია, რომელიც რუსთავში სამლოცველოში მუსლიმური რელიგიის ერთ-ერთი მიმდინარეობის ხელმძღვანელი იყო. დაკავებულის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი გამორიცხულია, თუმცა ადასტურებს, რომ მას ნაცნობობა აკავშირდებდა დაკავებულ თურქეთის მოქალაქესთან, ვინაიდან მასთან სამლოცველოში დადიოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ არანაირი შეხება არც ტერორისტულ ორგანიზაციასთან და არც იმ ორ ყუმბარასთან, რომელიც თითქოს მის სახლში აღმოაჩინეს, შემხებლობა არ ჰქონია. ამბობს, რომ ყუმბარა ჩაუდეს. მამედოვი იყო მუსლიმური რელიგიის რაღაც მიმდინარეობის ხელმძღვანელი - რუსთავის სამლოცველოს ხელმძღვანელი.
ეს კაცი ისლამური მოძღვრების მცოდნე იყო, რომელიც ქადაგებას ეწეოდა, მან განათლება თურქეთში მიიღო. თურქეთის მოქალაქესთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, მასთან მიდიოდა სალოცავში, რამდენიმე თვეა, საქართველოშია ჩამოსული. ამ მოცემულობით, რაც დღეს არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი გამორიცხულია“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებში გეგმავდნენ დაკავებულები ტერორისტული აქტის განხორციელებას და ასევე უცნობია, როდის და რა გზით შემოვიდნენ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. ამ მხრივ საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება კავკასიის რეგიონზეც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ, ზოგადად, საფრთხე არის საქართველოსთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ჰქონდა ძალიან დიდი მასშტაბული ქსელის - „კიბერ სივრცით“ გადაბირებების შემთხვევები, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ სხვადასხვა კონფლიქტებში. როგორც კუხალაშვილი ამბობს, ამ წუთში სახეზე გვაქვს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების სადაზვერვო მიზნებით გამოყენების მცდელობა. აქიდან გამომდინარე ვფიქრობს, რომ აგენტურული ქსელი, რომელიც შეიქმნა და გარკვეული კონტაქტები დამყარდა, მას თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს.
„პრაქტიკულად, ვინც ასეთი ტიპის კონფლიქტებში მონაწილეობდა და მონაწილებს, მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ კონკრეტული მიზნების აღსასრულებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ მარტო ამ მიმართულებით, რაზედაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ აქცენტს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საკამაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი სამხედრო პირები მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტებში იღებენ აქტიურ მონაწილეობას. ამიტომ, ასეთი საფრთხეების ალბათობა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში კიდევ უფრო გაზრდილია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო როგორც ტერორისტების, ასევე სპეცსამსახურების მუშაობის კუთხით საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა, შესაბამისად, აუცილებელია სადაზვერვო კოორდინაცია ისეთ სახელმწიფოებთან, რომელთაც გააჩნიათ კოსმოსური დაზვერვის ელემენტები, რომელიც მნიშვნელოვანია სადაზვერვო სამსახურებისათვის. მათ შორის აუცილებელია აგენტურული საქმიანობის გააქტიურება და ისეთი ტიპის სპეცოპერაციების ჩატარება, რომელიც ჩატარდა და რომლის მიღწევით შესაძლებელი ხდება უსაფრთხოების დაცვა.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ სამხედრო მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, საქართველო ტერორისტების სამიზნე არ უნდა იყოს, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ტერორისტებს სჭირდებათ ადგილი, სადაც ისინი იქნებიან უსაფრთხოდ, სადაც შეძლებენ დასვნებას, ძალების მოკრებას, ამ მხრივ შესაძლოა მათთვის საქართველო საინტერესო იყოს. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კორიდორად იყენებდნენ საქართველოს, კაპანაძე პასუხობს, რომ არასოდეს ტერორისტები იქ არ არიან, სადაც ახდენენ ტერორს.
„გავიხსენოთ პარიზის ტერაქტი, ბელგიიდან ჩასულმა ტერორისტებმა მოახდინეს ტერაქტი. არა მგონია, საქართველო სამიზნე იყოს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამიტომ უნდა იყოს შენი სამსახურები ძალიან მჭიდრო კავშირში საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რასაც ვუყურებ, ჩვენს საგანგებო სამსახურებს აქვთ შესაძლებლობა და საინფორმაციო დახმარების ნაკრებს იღებენ სტრატეგიული ქვეყნებიდან და იმათგან, ვისთანაც ხელშეკრულება აქვთ დადებული ინფორმაციის გაცვლაზე. ტერორისტები თითქმის ყველგან არიან, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც და ბრიტანეთში. მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში არ არიან, იმიტომ, რომ ჩაკეტილია ყველაფერი. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად ქმედუნარიანი იყოს შენი სპეციალური სამსახურები“, - აცხადებს კაპანაძე.
კონტროლის რა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ იმისათვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირების ქვეყანაში შემოსვლა იქნას აღკვეთილი, კაპანაძე თვლის, რომ ამისათვის აუცილებელია სასაზღვრო სისტემა მიბმული იქნას საერთაშორისო საინფორმაციო სისტემასთან, საიდანაც განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა.
„ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც საზღვარი, ასე თუ ისე, მოწესრიგებული გვაქვს, ეს არის თურქეთი. დანარჩენი არც ერთ ქვეყანასთან ჩვენ საზღვარი არც დასრულებული და არც განსაზღვრული არ გვაქვს. სხვათა შორის, ამ მიმართულებით არც დაცული არ გვაქვს. ნუ დაგვავიწყდება ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება იგივე თურქეთიდან და იგივე რუსეთიდან, რომელიც დაინტერესებული მხარეა და რუსეთს ყოველთვის ექნება ინტერესი, რომ შენთან დაძაბულობის კერები წარმოქმნას.
ჰიბრიდული ომი ამის ერთ-ერთი დადასტურებაა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს. პანკისის ხეობის გარდა, ჩვენ გვაქვს ეთნიკურად სომხებით და ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიები, რომლებიც ერთმანეთთან ომში არიან. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია და ამიტომ ვიძახი, რომ სპეციალური სამსახურები უნდა იყვნენ ყურადღებით. შეიძლება გარკვეული პროვოკაციები განახორციელოს რუსეთმა, ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსგავსი პროვოკაციები რომ განახორციელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რამდენად მზად ვართ ჩვენ ამისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.