„Backstreet Boys” მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა

„Backstreet Boys” მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა

გასულ წელს ცნობილი ამერიკული ჯგუფი „Backstreet Boys” კვლავ გაერთიანდა და აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა განაახლა.

შარშან ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ, შემდეგ კი საკუთარ სტუდიაში ჩაიკეტნენ და ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყეს.

ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “This Is Us” 2009 წლით გახლდათ დათარიღებული.

მიმდინარე წლის 30 ივლისს მუსიკოსებმა ახალი დისკი „In a World Like This” გამოუშვეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფის წევრები კვლავ საგასტროლო მოგზაურობაში გაეშურნენ. მუსიკოსები თავდაპირველად კონცერტებს აშშ-ში გამართავენ, შემდეგ ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და იაპონიას  ეწვევიან. მომავალ წელს „Backstreet Boys” რამდენიმე კონცერტს ევროპის კონტინენტზეც ჩაატარებს.

ამერიკული ჯგუფი “Backstreet Boys” 1993 წლის 20 აპრილს ქალაქ ორლანდოში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ნიკ კარტერი, ეი ჯეი მაკლინი, ჰოუი დოროუ და ბრაიან ლიტრელი.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს 10 ალბომი აქვს გამოშვებული. საინტერესოა, რომ პირველი შვიდი გამოცემისთანავე აშშ-ის ჰიტ-პარადების პირველ ათეულში ხვდებოდა. ჯგუფს დღემდე 130 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.