დღესდღეობით, კოცნა მსოფლიოს გარშემო გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა როდის შედგა კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოცნა? მკვლევრების თქმით, პირველი დოკუმენტირებული კოცნა 4 500 წლის წინ, მესოპოტამიაში მოხდა.
"ძველ მესოპოტამიაში, ადრინდელ ადამიანთა კულტურაში, რომელიც არსებობდა მდინარეებს, ევფრატსა და ტიგროსს, შორის დღევანდელი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, ადამიანები წერდნენ ლურსმული დამწერლობით თიხის ფირფიტებზე", — თქვა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ტროელს პანკ არბოლმა, განცხადებაში. "ამ თიხის მრავალი ფილა დღემდე შემორჩენილია და ისინი შეიცავს ნათელ მაგალითებს იმისა, რომ კოცნა ძველ დროში რომანტიკული სიახლოვის მაჩვენებლად ითვლებოდა, ისევე როგორც მეგობრობისა და ოჯახის წევრების ურთიერთობის ნაწილად."
ძვ. წ. 2 500 წლამდე დათარიღებული ეს უძველესი კოცნის ქრონიკები აღწერს უამრავ ცნობისმოყვარე ინციდენტს. მაგალითად, დაახლოებით, 3 800 წლის წინანდელი ერთი ტექსტი მოგვითხრობს დაქორწინებული ქალის შემთხვევას, რომელიც "გზაში, თითქმის, დაიკარგა სხვა მამაკაცის კოცნის გამო". იმავე პერიოდის სხვა წყარო აღწერს "დაუქორწინებელი ქალის ფიცს, რომ თავი აარიდოს კოცნასა და სექსუალურ ურთიერთობას კონკრეტულ მამაკაცთან".
აქამდე ფიქრობდნენ, რომ უძველესი კოცნა მოხდა ინდოეთში, 3 500 წლის წინ. ანალიზმა აღმოაჩინა გენეტიკური ცვლილებები პირის ღრუს ჰერპესის ვირუსისა, რომელიც გავრცელდა ევროპაში ბრინჯაოს ხანაში. ამის გამო გაჩნდა ვარაუდი, რომ უცხოელი მიგრანტების მიერ კოცნის შემოტანამ გამოიწვია ვირუსის აფეთქება.
"მიუხედავად ამისა, უგულებელყოფილი მტკიცებულებების მნიშვნელოვანი კორპუსი ეჭვქვეშ აყენებს ამ წინაპირობას, რადგან ტუჩებში კოცნა დოკუმენტირებული იყო ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, სულ მცირე, ძვ. წ. 2 500 წლიდან", — წერენ ავტორები. საინტერესოა, რომ ამ ტექსტებიდან ზოგიერთი ასევე ეხება დაავადებას, სახელად ბუშანუ, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან, რაც ნიშნავს "აყროლებას" და ვლინდება პირის ღრუს ჰერპესის მსგავსი სიმპტომებით.
მკვლევრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მიუთითეს კვლევაზე, რომელიც გვიჩვენებს პირის ღრუს ბაქტერიების გადაცემას ნეანდერტალელებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის და ვარაუდობს, რომ ამ ორი სახეობის წარმომადგენლები, შესაძლოა, 100 000 წელზე მეტი ხნის წინ კოცნიდნენ ერთმანეთს. მსგავსი ქცევები დაფიქსირდა სხვა პრიმატებშიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კოცნას, შესაძლოა, ევოლუციური და არა კულტურული ფესვები ჰქონდეს.
"რეალურად, ბონობოებისა და შიმპანზეების, ადამიანების ყველაზე ახლო ნათესავების, კვლევამ აჩვენა, რომ ორივე სახეობაში არსებობს კოცნა, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ კოცნის პრაქტიკა არის ფუნდამენტური ქცევა ადამიანებში და გასაგები ხდება, თუ რატომ არის ის გავრცელებული სხვადასხვა კულტურაში", — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა სოფი ლუნდ რასმუსენმა.
მაშასადამე, მკვლევრები ასკვნიან, რომ სექსთან, ოჯახსა და მეგობრობასთან დაკავშირებული კოცნა ჩვეულებრივი რამ იყო ძველი ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ ნაწილებში ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოდან მოყოლებული. შესაბამისად, კოცნა არ უნდა ჩაითვალოს ჩვეულებად, რომელიც წარმოიქმნება მხოლოდ რომელიმე რეგიონში და იქიდან ვრცელდება.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ რადგანაც კოცნა, როგორც ჩანს, მრავალ უძველეს კულტურაში ფიქსირდებოდა ათასობით წლების განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰერპესის გავრცელება კოცნით ყოფილიყო გამოწვეული.