ეტოომ „ჩელსი“ აირჩია

ეტოომ „ჩელსი“ აირჩია

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კამერუნის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

რომან აბრამოვიჩის გუნდმა აფრიკელს ერთწლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით 5 მილიონი ევრო შესთავაზა.

იტალიურ „ინტერს“ ეტოოსთვის ორწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევრო ჰქონდა გამზადებული.

ეტოომ თამაშის გაგრძელება ინგლისის პრემიერ ლიგის პირველობაზე არჩია.

ფეხბურთელი გუშინ ლონდონში ჩაფრინდა. ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, მოთამაშემ გვიან ღამით სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და დღეს-ხვალ ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.

ეტოოს დიდ ბრიტანეთში გადასვლას ესპანური მას-მედიაც გამოეხმაურა. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში „ჩელსის“ ალბათ ესპანეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი დატოვებს. ლონდონელებს თავდასხმაში არაერთი ძლიერი ფეხბურთელი მოუგროვდათ და ფერნანდოს დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა მოუწევს.