ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას ხევისბერი. ხევისბრობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საკრალური თანამდებობა იყო. ეს სახალხო დავალება, უპირველს ყოვლისა, მას ხატსა და ხალხს შორის შუამავლობას აკისრებდა.
ხევისბერის აუცილებელი მოვალეობაა, რომ ყოველი ხატობის წინ იწმინდაოს (ქრისტიანულად რომ ვთქვათ, შეინახოს ყველანაირი მარხვა), ამიტომ იგი სახლში კი არა, ხატის საბეროში დგება და განმარტოებით ცხოვრობს მცირე სამარხვო საკვებით.
ჩვეულებრივი დღესასწაულის დროს ლუდის დაყენება ხდებოდა ჯვარის სალუდეში. კოდის გახსნისა და დალოცვის შემდეგ ლუდი ჩხუტებით გამოჰქონდათ საჯარეზე და იწყებოდა საერთო სმა, ზოგიერთ ხატში საჯარე დაცული იყო ქარ-წვიმისაგან და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ნორმალურად მოწყობილიყვნენ. მაგრამ სადაც ასე არ იყო და ხალხს სიცივეში არ დაედგომებოდა მაშინ სოფელში ერთი, კარგად გამართული სახლის ჭერხოში მოაწყობდნენ დასასხდომებს, გაამზადებდნენ სუფრას და საღამოსათვის ყველანი იქ მოიყრიდნენ თავს.
ახალგაზრდა ბიჭები ამ დროს უკვე ხატში არიან წასული ლუდის მოსატანად. ისინი მივლენ სალოცავის კართან, ქვაბებს დასდებენ და დაილოცებიან. დარბაზში მყოფი ჯვარიონი ერთსულოვნად მიესალმება მოსულთ. თასებით ლუდს შეასმევენ, აუვსებენ ქვაბებს, რომელთა სახელურებში კეტებია გაყრილი და გამოატანენ სოფელში.
სოფელში მოტანილ ლუდს ხალხი ფეხზედგომით შეხვდებოდა და ერთხმად იტყოდა “ლუდი წინა ვაჟებო, გამტან ბედნიერი, მაგვიხეით მშვიდობით“. მელუდეთ ცეცხლთან დასვამდნენ, გამოკითხავდნენ ჯვარიონის ამბებს, შემდეგ მოიტანდნენ ყველანაირ სასმისებს და უფროს-უმცროსობით, პირველი სადღეგრძელოთი იტყოდნენ მიცვალებულთა შესანდობარს.
თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგადაა გამოხატული მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ დღესასწაულებზე. ესაა გარდაცვალებულთა საპატივცემულოდ გამართული - წლისთავი (ფშავში), საქნარი (ხევსურეთში) და წლის ალუდი (თუშეთში), რომელთაგან ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა თუშური ალუდი-ალუდები. ამ რიტუალების მთავარი დედააზრია სიამოვნების მინიჭება და პატივისცემა მიცვალებულთა სულებისათვის, რაც გამოიხატება მათდამი სუფრის გაშლით, დატირებით და დოღის გამართვით. გარდაცვლილის სახლში იმართება დიდი პურობა, რომელიც მიმდინარეობს სარიტუალო ლუდის სმით და როცა სუფრა აიშლება და სტუმრები წავლენ, მასპინძლები მათ სოფლის გასასვლელამდე გააცილებდნენ.
იქ ერთხელ კიდევ შეავსებენ ლუდით თასებს და კოდ-მესაფუვრეს დალოცავენ: “ვისაც კოდმეკოდეობის წესრიგი დაეყენებინოს და დღეს აღარ იყვნენ მათი შესანდობარი იყოს“. ლუდის მოხმარების ასე ფართო სარიტუალო დანიშნულება კიდევ ერთი საბუთია ლუდის, როგორც საკულტო სასმელის უძველესობისა საქართველოს მთიანეთში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიური რწმენის ყველაზე უადრეს ფორმასთან - ანიმიზმთან.
ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან “ქართული ლუდი“