რამდენიმე დღის წინ ცნობილმა კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ მახაჩკალის „ანჟი“ ოფიციალურად დატოვა და უახლოეს დღეებში კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.
ევროპული სპორტული მას-მედიის მტკიცებით აფრიკელი შემტევი ჟოზე მოურინიოს „ჩელსიში“ ჩაირიცხება. ეტოო ლონდონში უკვე ბრძანდებოდა და რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა.
„ჩელსი“ ეტოოს ერთწლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს სთავაზობს. მოთამაშე „ანჟიში“ წელიწადში 20 მილიონ ევროს იღებდა.
ცნობილი გახდა რომ ეტოოს ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ აწყობს. გუშინ მოთამაშე მილანში ჩაფრინდა და „ინტერის“ სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოს შეხვდა.
იტალიელებმა სამუელს ორწლიანი ხელშეკრულება და ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევრო შესთავაზეს.
სამუელ ეტოომ მოსაფიქრებლად ერთი დღე მოითხოვა. იტალიური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, თავდამსხმელი გადაწყვეტილებას ალბათ „ინტერის“ სასარგებლოდ გააკეთებს.