დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი პედრო როდრიგესი კარიერის გაგრძელებას ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ აპირებს.
გასულ წელს პედროს ამჟამინდელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა. ამ მიზეზის გამო კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ 26 წლის შემტევს პარიზული გუნდიდან დაუკავშირდნენ და პირადი კონტრაქტი შეუთანხმეს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ პედროს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
ჯერჯერობით ამ სატრანსფერო გარიგების შესახებ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის აზრი ცნობილი არ არის.