ეგვიპტის სამთავრობო მაუწყებელი კლეოპატრაზე დოკუმენტური სერიალის გადაღებას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება არხმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნეტფლიქსმა ახალი დოკუმენტური მინისერიალი, დედოფალი კლეოპატრა, დააანონსა, სადაც მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი ადელ ჯეიმსი ასრულებს.
დედოფალი კლეოპატრას ანონსს მაყურებლებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა; განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა ნეტფლიქსმა ეგვიპტეში დაიმსახურა, სადაც კომპანია კლეოპატრას არათეთრკანიანად წარმოჩენის გამო "ისტორიის გაყალბებაში" დაადანაშაულეს და პლატფორმაზე პრემიერის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს. ერთ-ერთმა ეგვიპტელმა იურისტმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც მოამზადა და ქვეყანაში ნეტფლიქსის მაუწყებლობის ასაკრძალად სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა.
ახლა კი, ნეტფლიქსის საპასუხოდ, ეგვიპტეში დიდბიუჯეტიანი დოკუმენტური სერიალის შექმნა დაისახეს მიზნად. არხ Al-Wathaeqya-ს განცხადებით, სერიალი ისტორიულ კვლევებს დაეყრდნობა და მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ეგვიპტის ბერძენი დედოფლის ცხოვრებასა და მმართველობას. მაუწყებელი დასძენს, რომ ამისთვის ისინი ისტორიკოსებთან, არქეოლოგებთან და ანთროპოლოგებთან თანამშრომლობენ, მიზნის მისაღწევად კი არც ფინანსებს დაზოგავენ.
ნეტფლიქსის დედოფალი კლეოპატრა კი, რომელიც დოკუმენტური სერიალების სერიის, აფრიკელი დედოფლების, ნაწილია, მაყურებელმა 10 მაისს უკვე იხილა.
სერიალის აღწერაში ვკითხულობთ, რომ კლეოპატრა მსოფლიოში "ყველაზე არასწორად აღქმული ქალია", რომლის "სილამაზემ და რომანტიკულმა ცხოვრებამ მისი მთავარი ნიშან-თვისება დაჩრდილა — ინტელექტი".
პროდიუსერი ჯეიდა პინკეტ სმიტი კი ამბობს, რომ "კლეოპატრაზე ბევრმა იცის, მაგრამ არა სიმართლე".
"მას მეტისმეტად სექსუალიზებულად და ანგარებიანად წარმოაჩენენ, მაგრამ კლეოპატრა ინტელექტით, სტრატეგიისა და მეთაურობის ნიჭით დაჯილდოებული მმართველი გახლდათ, რომელიც თავისი სამეფოს დასაცავად იბრძოდა. სერიალი მის ამბავს სიღრმისეულად მოგვითხრობს", — ამატებს ჯეიდა.
წინათ დედოფალი კლეოპატრას როლი ეკრანზე ისეთ მსახიობებს შეუსრულებიათ, როგორებიც ვივიენ ლი და ელიზაბეთ ტეილორი არიან.