ინდოელი მსახიობის პრიანკა ჩოპრა ჯონასის თქმით, თავის კარიერაში პირველად მიიღო იგივე ანაზღაურება, რაც მასთან ერთად მონაწილე მსახიობმა კაცმა. საუბარია Amazon Prime Video-ის ახალ სერიალზე Citadel, რომლის პრემიერაც აპრილის თვეში შედგა. ჯაშუშურ თრილერში ჩოპრასთან ერთად რიჩარდ მადენი ასრულებს მთავარ როლს.
ჩოპრა ჯონასის თქმით, 23-წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ არ მოელოდა, თუკი მისი მოთხოვნა თანაბარ ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდებოდა.
"მადლობა ღმერთს, 23 წლის შემდეგ ეს მოხდა", — ამბობს მსახიობი, — "Amazon Prime-ში კინო და სატელევიზიო მიმართულებას ჯენიფერ სალკი ხელმძღვანელობს და Citadel-ის იდეაც მას ეკუთვნოდა. [...] ნეტავ ხელმძღვანელი რომ ქალი არ ყოფილიყო, ეს საუბარი სხვაგვარად წარიმართებოდა? ან კი საერთოდ თუ შედგებოდა?".
ჩოპრა ჯონასი ამბობს, რომ თანაბარი ანაზღაურება მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებისთვის თავისმა გუნდმა მოითხოვა, თუმცა, თავად ცინიკურად იყო განწყობილი.
"ჩემს აგენტებს ვუთხარი, მიდით, მოითხოვეთ, თუ გინდათ, მაგრამ მე ეს უკვე ბევრჯერ გამიკეთებია-მეთქი", — იხსენებს მსახიობი, — "თუმცა, [სალკმა] თქვა, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნა იყო და დათანხმდა".
ინდოელი კინოვარსკვლავის თქმით, Citadel-ის გადაღების შემდეგ სხვა პროექტებშიც გადაუხადეს მასთან ერთად მონაწილე მსახიობი კაცების ანაზღაურების ტოლი ჰონორარი.
"ქალები გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელნი სწორედ იმიტომ უნდა იყვნენ, რომ ეს სხვა ქალების ცხოვრებასაც ცვლის", — ამატებს პრიანკა.
ბოლო წლების განმავლობაში მსახიობმა ქალებმა უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი ჰოლივუდში უთანასწორობაზე. მაგალითად, 2019 წელს ელენ პომპეომ განაცხადა, რომ გრეის ანატომიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე ლამის უარი თქვა, როცა გაიგო, რომ სერიალში მასთან ერთად მონაწილე პატრიკ დემპსის მასზე ორჯერ მეტი გადაუხადეს.
ოსკაროსანმა ჯენიფერ ლოურენსმა შარშან პირდაპირ თქვა, რომ "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იმუშავებს", რადგან მისი "ვაგინის გამო" ყოველთვის ნაკლებს გადაუხდიან. ჰოლივუდში გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების ტენდენციის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ ფილმში Don't Look Up ლეონარდო დიკაპრიოს გამომუშავებელი ყოველი დოლარის საპირწონედ ლოურენსმა მხოლოდ 83 ცენტი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების პრობლემას ქალები არა მხოლოდ ჰოლივუდში, არამედ სხვადასხვა სამუშაო ადგილას ისევ აწყდებიან. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ქალს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა არ შეუძლია, 178 ქვეყანაში კი ქალების ნაწილს სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობა კანონით ეზღუდება. ამასთან, UNDP-ის მონაცემებით, ქალები გამოიმუშავებენ 0,77 ცენტს კაცების მიერ იმავე სამუშაოზე გამომუშავებული 1 დოლარის საპირწონედ.