პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ორ წელზე მეტია, არ უნახავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს ძალიან დიდი ხანია, ორ წელზე მეტი იქნება. გჯერათ? სატელეფონო კომუნიკაციაში მხოლოდ მილოცვები მაქვს. მიკრძალავთ?“, - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, ხომ არ იყო ბიძინა ივანიშვილის საკითხი ერთ-ერთი წითელი ხაზი, რომლის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტიელბა სოციალისტური პარტიის დატოვების თაობაზე.
„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.