რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, დიდია ალბათობა ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს.
გასულ სეზონში კასილიასს ჟოზე მოურინიომ უნდობლობა გამოუცხადა და სათადარიგოთა სკამის მუდმივ ბინადრად აქცია. მდგომარეობა არც კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ შეცვლილა. „კარლიტო“ კარში უფრო ხშირად დიეგო ლოპესს აყენებს.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, ეროვნული გუნდის მეკარეს „სამეფო კლუბის“ დატოვება არ სურს, მაგრამ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.
ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ იკერი გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ერთი წლით გასხვისება მოსთხოვა.
აღმოჩნდა რომ კასილიასს ლონდონის „არსენალის“ წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში დროებით გადაბარგება შესთავაზეს.
დღეს მადრიდის „რეალი“ ესპანეთის პირველობის მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს და სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდება. ალბათ საინტერესო იქნება კარლო ანჩელოტის არჩევანი. იმ შემთხვევაში თუ კასილიასი კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება, ეს უკანასკნელი სათამაშოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავა.