რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ ექნება, თუმცა საჭიროა, რომ სწორი კომუნიკაცია მოხდეს ჩვენს დასავლელ, ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება დღეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„მკაფიოდ ხაზგასმა უნდა მოხდეს, რომ სანქცირებული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ საქართველოში. დასავლელი პარტნიორებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება სწრაფად უნდა მოხდეს იმისათვის, რომ დამატებითი კითხვები არ დაისვას. ოპოზიციის შეფასებები აბსოლუტური სისულელეა იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ამ ხელისუფლების დროს მიიღო რუსეთმა ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება და ბევრი სხვა სანქცია, რასაც რუსეთმა საქართველოს დაადო. ამიტომ, თუ ცოტა ისტორიაში ჩაიხედავენ და წიგნს გადაფურცლავენ, კარგი იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.