[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
2005 წლის 19 ოქტომბერს ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი სასამართლოს წინაშე წარსდგა. 2006 წლის 30 დეკემბერს მას ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში ბაღდადის ციხეში მოიყვანეს.
2003 წლის 18 მარტის ღამეს, ერაყში ამერიკელთა შეჭრამდე ორი დღით ადრე ბაღდადის ცენტრალურ ბანკთან ორი სატვირთო ავტომობილი გაჩერდა. ერთ-ერთში იჯდა ქვეყნის პრეზიდენტის ვაჟი კუსეი ჰუსეინი და მისი დაცვა. მან ბანკირებს მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის მანქანებში ჩატვირთვა უბრძანა. ისინიც ულაპარაკოდ დამორჩილდნენ და სატვირთოებში ჩამოდნები ჩაალაგეს, რომლებშიც მთლიანობაში 900 მილიონი დოლარი და 100 მილიონი ევრო იდო.
ანალოგიური რამ მოხდა ერაყის სხვა მსხვილ ქალაქებში. სადამ ჰუსეინის პირადი ბრძანებით ნაღდი ფულისა და ოქროს ამოღება ოპერატიულად განხორციელდა. სავარაუდოდ, სულ 5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნა გატანილი. ერთი დღით ადრე კი სადამის ნდობით აღჭურვილმა პირებმა ფული შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ლიბანის ბანკების ანგარიშებიდან გაიტანეს. ერაყის პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, მაგრამ მისი ფული თვალის დახამხამებაში გაქრა.
სად და როგორ აორთქლდა ჰუსეინის ფული 21-ე საუკუნის მთავარ საიდუმლოდ ითვლება. როცა ამერიკელებმა სადამი დააკვეს, ად-დაურში მდებარე მის სამალავში მხოლოდ 750 ათასი დოლარი აღმოაჩინეს. არადა, მისი ქონება სულ მცირე 40 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. აქედან, მარტო შვეიცარიის ბანკებში არსებულ ანგარიშებზე 6 მილიარდი ირიცხებოდა. სხვა წყაროები კიდევ უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ დიქტატორი 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კაპიტალს ფლობდა. ანუ, იგი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ბილ გეითსი და ბრუნეის სულთანი ერთად აღებული.
აღსანიშნავია რომ სადამს „დანაზოგი“ ჰქონდა, როგორც ნაღდი ფულისა, აქციებისა და უძრავი ქონების, ასევე ოქროს და პლატინის ზოდების, გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ალმასის სახით.
კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არაფერია. ჰუსეინის ოჯახი ხომ ერაყული ნავთობის ექსპორტს აკონტროლებდა და დიდძალ შემოსავალს იღებდა. გარდა ამისა, ერაყში მომუშავე ნებისმიერი უცხოური კომპანია სადამის ვაჟებს უდეის და კუსეის „ბაზარზე შესვლის“ ნებართვისათვის 100 ათას დოლარს და შემდეგ მოგების 3 პროცენტს უხდიდა. ამასთან, ჰუსეინის ოჯახი პირად შემოსავალს იღებდა ქვეყნიდან თამბაქოს ნაწარმის, ფორთოხლის და ა.შ. ექსპორტიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სადამი ერაყის სათავეში 1968 წლის გადატრიალების შემდეგ მოვიდა და ქვეყანას 35 წელი მართავდა, მართლაც დიდძალ კაპიტალს დააგროვებდა. იმდენს, რომ რომან აბრამოვიჩის მოსამსახურედ დაქირავებას შეძლებდა.
ცხადია, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, სადამი არაერთხელ დაკითხეს მისი კაპიტალის ადგილ-სამყოფელის შესახებ, მაგრამ ეგრეც ვერაფერი დააცდევინეს. არსებობს ორი მთავარი მოსაზრება. ერთს იორდანიაში მივყავართ, სადაც დიქტატორის გოგონა რაგადი და პირველი ცოლი საჯიდა მეფის პირად სტუმრებად ითვლებიან და მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ. მართალია, ინტერპოლმა მათი დაკავების ორდერი გასცა, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს. არსებობს მოსაზრება, რომ მათ უსაფრთხოება დიდძალ თანხად იყიდეს.
როგორც ცნობილია, სადამის ორი ვაჟი უდეი და კუსეი 2003 წლის 22 ივლისს მოსულში ამერიკულმა სპეცდანაყოფმა გაანადგურა. მესამე, უმცროსი ვაჟი, 27 წლის ალი ჰუსეინი და დედამისი, სადამის მეორე ცოლი სამირა შახბანდერი კარგა ხანს იძებნებოდნენ. არადა, სამირა ოჯახის ხაზინადარად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, სადამ ჰუსეინს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ისრაელის დაზვერვამ დააფიქსირა მისგან ბეირუთში მყოფი სამირასადმი სატელეფონო ზარი. მაგრამ დედა-შვილის კვალს მაინც ვერ მიაგნეს.
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით კი ჰუსეინის მილიარდები რუსეთში გადაიქაჩა. მართალია ეს ასეა თუ არა, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ბევრი თვლის, რომ სწორედ სადამის ფულის დამსახურებაა მოსკოვში არსებული სამშენებლო ბუმი.