საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ და ბრიგადის გენერალმა ჯოუზ რიოჯასმა ორი ქვეყინს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით ურთიერთობა უნდა განვითარდეს და უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრაზე აშშ-ს ვეტერანთა დეპარტამენტის ექსპერტების საქართველოში ვიზიტის თაობაზე შეთანხმდნენ. ამერიკელი ექსპერტები ქართველი კოლეგების შესაძლებლობებს შეაფასებენ და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ მათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ვეტერანთა დეპარტამენტთან. როგორც ავღნიშნეთ, ჩვენი მთავრობისთვის ვეტერანტა საკითხები, მათი უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შევთანხმდით ამერიკის ვეტერანთა დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე, რომელიც ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვეტერანთა ორგანიზაციაა. მათი დელეგაცია ჩამოვა საქართველოში და დაეხმარება საქართველოს ააწყოს ჩვენი ვეტერანთა დეპარტამენტი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო ლანჩი ატლანტიკურ საბჭოში. შეხვედრა შედგა ასევე, აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან გენერალ ლეიტენანტ მაიკლ ფლინთან.
ქართული დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით ასევე, იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალების შემსრულებელთან პოლ ჯოუნსთან.