მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი თავის დროზე საკუთარ ბავშვობას ხშირად იგონებდა:
„სხვათა შორის, ხორცის შეწვა ბავშვობიდან მიყვარს... ერთხელ იცით, რა გავაკეთე?
პატარა რომ ვიყავი, ჩვენს მაცივარს მამამ საკეტი დაუყენა, დიდი “ზილ-მოსკვა” გვქონდა. დედაჩემი, ლეილა ძიგრაშვილი და მამაჩემი, ანდრო კიკალეიშვილი მსახიობები იყვნენ, თეატრიდან რომ მოვიდოდნენ, მაცივარში აღარაფერი ხვდებოდათ.
ორი-სამი დღის საჭმელს ვჭამდი, მოკლედ საკეტი დაუყენეს და გასაღები წაიღეს. მახსოვს, ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც გავაღე. ვხედავ, ხორცი დევს, უყიდიათ და სამი დღის საჭმელი უნდა გააკეთონ.
ჩემს ძმას ეძინა. ავანთე გაზქურა. დაშნა მქონდა ორი ცალი, თუ გახსოვთ, “სირანო დე ბერჟერაკი” იდგმებოდა რუსთავის თეატრში და მამაჩემმა მომიტანა ორი დაშნა. დავჭერი ეს ხორცი, წამოვაცვი დაშნაზე და მივუჯექი გაზქურას. შევწვი მწვადები და ბოლომდე შევჭამე, მერე მაცივარიც გამოვაცარიელე.
დედაჩემი და მამაჩემი დაღლილ-დაქანცულები მოვიდნენ თეატრიდან და გაგიჟდნენ - მაცივარი ცარიელი დახვდათ, როგორი ცარიელი, იცით? - როგორც ახალი”.