„არავინ არ ემზადებოდა ამ ომისთვის, ნატოს ჰქონდა სტრატეგია, მაგრამ მაკრონმა განაჩენი გამოუტანა: ნატოს ტვინი მოკვდაო, შემდეგ ტრამპმა თქვა: უკვე ვიღას სჭირდება ნატოო“

„არავინ არ ემზადებოდა ამ ომისთვის, ნატოს ჰქონდა სტრატეგია, მაგრამ მაკრონმა განაჩენი გამოუტანა: ნატოს ტვინი მოკვდაო, შემდეგ ტრამპმა თქვა: უკვე ვიღას სჭირდება ნატოო“

„სტრატეგიულ გათვლაში რუსეთი უკვე დამარცხებულია. თუ ადრე „გარდიანში“ სტატია იბეჭდებოდა, სათაურით, „ჩვენ ვერ შევძლებთ შევაჩეროთ ევროპის რუსიფიკაციის თანდათანობითი დამღუპველი პროცესი“, ახლა რუსეთის გაგონება ევროპაში არავის უნდა. იოჰანესბურგში სამიტი იმართება და პუტინს სთხოვენ, ნუ ჩამოხვალ, რადგან რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო ვართ, იძულებული ვიქნებით, დაგიჭიროთო. ამას იფიქრებდა პუტინი 5 წლის წინ?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება და კონტრშეტევის კონკრეტულ თარიღს საკუთარ მოკავშირეებსაც არ უმხელს. უკრაინის კონტრშეტევით გადაწყდება არა მარტო რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, არამედ ისიც, გაგრძელდება თუ არა დასავლეთისგან გამოყოფილი სამხედრო დახმარება. თავის მხრივ, რუსებსაც უთავდებათ ჭურვები, არადა, უკრაინის კონტრშეტევა ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყოს. რა მოცემულობა იკვეთება ორივე მხარისთვის?

- ძალიან გაუხანგრძლივდა უკრაინას კონტრშეტევის სამზადისი. ამისთვის იყენებენ ისეთ არგუმენტს, როგორიცაა ამინდი. მთავარი კოზირი უკრაინისთვის დღეს არის დასავლური თანამედროვე ტექნიკა, რომელიც ათი თავით სჯობს რუსულს, მაგრამ ასეთ ამინდში, წვიმებში, ტალახში ეს ტექნიკაც შეზღუდულია. თუმცა უფრო მთავარი და პირველმნიშვნელოვანი ეს არის ჭურვების ნაკლებობა. ამის ფესვები ძალიან ღრმად წასულია, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში, პრაქტიკულად, შეწყდა ომისთვის მზადება. ეს გამოიხატა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დეგრადაციაში. ელემენტარულად, ცივი ომის წლებში პენტაგონს ჰყავდა 36 მსხვილი კონტრაქტორი, ამერიკის 36 მსხვილი კომპანია მუშაობდა პენტაგონის დაკვეთაზე, ფულს პენტაგონისგან იღებდნენ და ამზადებდნენ იარაღს. დღეს ასეთი მხოლოდ 6 კომპანიაა, 36-დან 6 კომპანიამდე ჩამოვიდნენ. ამიტომ ამერიკასაც აღარ აქვს შესაბამისი იარაღი, განსაკუთრებით, ჭურვების პრობლემაა. უკრაინა თვეში ხარჯავს იმდენ ჭურვს, განსაკუთრებით, 155 და 152-მილიმეტრიან ჭურვებს ქვემეხებისთვის, რამდენსაც ამერიკა ამზადებს მთელ წელიწადში. როგორც იქნა, ბოლო ხანებში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ისრაელში დასაწყობებული ამერიკის ჭურვები, რომელიც ამერიკის საკუთრებაა, ამერიკამ უკანვე წაიღოს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ნახევარი მილიონი ჭურვი ამერიკამ იქირავა სამხრეთ კორეისგან და ისევ უნდა დაუბრუნოს, თავისას რომ დაამზადებს, მანამდე კი ეს ჭურვები უკრაინამ უნდა გამოიყენოს.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკას ზესახელმწიფოს პრეტენზია კი ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებულად არ ემზადებოდა ომისთვის, ამერიკას ეგონა, ისე დაალაგებდა სიტუაციას მთელ მსოფლიოში, რომ ვერც რუსეთი შეჰბედავდა ვერაფერს და ვერც ჩინეთი?

- ამერიკა იმის იმედად იყო, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდა, რაკეტები ჰქონდა, ამაზე იყო მთელი აქცენტი გადატანილი. თეორიულად, ომი შეიძლება ყოფილიყო, კერძოდ, ცივი ომის წლებში ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის და შემდეგ უკვე დასავლეთსა და რუსეთს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მაღალტექნოლოგიური იარაღით ომი. მაგალითად, ახლახანს ისრაელმა დაბომბა ალეპო, მაგრამ ისე, რომ მისი თვითმფრინავები სირიის სივრცეში არ შესულან, ბეირუთის რაიონიდან ესროდნენ. ანუ უკონტაქტო ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ ამერიკელები. მოკვდა პაკრიშკინის, პადდუბნის და კოჟედუბის დრო, დუელები რომ იყო ჰაერში და თვითმფრინავის პილოტები ერთმანეთს სახეში უყურებდნენ. დღეს უკვე ერთმანეთს ვეღარც ხედავენ, ისე აგდებენ თვითმფრინავებს. თუმცა უკრაინაში კონტაქტური ომია.

გამოდის, ამერიკამ ვერც ის გათვალა, რომ რუსეთი მის მოკავშირეებს შეუქმნიდა პრობლემას? 2008 წლის ომში საქართველოში შემოიჭრებოდა, ახლა კი უკრაინაში შეიჭრა და ორივე შემთხვევაში კონტაქტური ომი იქნებოდა?

- დიახ, არავინ არ ემზადებოდა ამ ომისთვის. ნატო არსებობდა, ნატოს ჰქონდა სტრატეგია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაკრონმა სამი წლის წინ განაჩენი გამოუტანა ნატოს, როცა თქვა: „ნატოს ტვინი მოკვდა“. შემდეგ მოვიდა ტრამპი და თქვა, „უკვე ვიღას სჭირდება ნატო“. შემდეგ ევროპელები ფულს აღარ იხდიდნენ ნატოს შენახვაზე, მით უმეტეს, მდიდარი ქვეყნები. ნატოს წესდებაში წერია, ერთიანი პროდუქტის 2% უნდა გამოყოს ყველა ქვეყანამ ყოველ წელს, 30 წევრიდან 6 წევრი გამოყოფს 2%-ს, საოცარია ერთი ციცქნა ლიტვა 2%-ს გამოყოფს და ამ დროს გერმანია გამოყოფს მხოლოდ 1%-სა და რაღაც 2 მეათედს. უხეშად რომ ვთქვათ, ამერიკელებმა 1949 წლის შემდეგ ევროპელებს უთხრეს, რომ თქვენ არ გინდათ შეიარაღებაზე ფულის ხარჯვა, ჩემს რაკეტებს დავაყენებ და საბჭოთა კავშირი ბუზსაც ვერ აგიფრენთ, თქვენ ეს ფული მოახმარეთ თქვენი მოსახლეობის სოციალურ ყოფასო. მართლაც ევროპელები მიეჩვივნენ კარგ ცხოვრებას ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაგრამ ახლა სხვა დრო დადგა, ახლა გამოირკვა, რომ რუსეთს უფრო მეტი იარაღი აქვს დარჩენილი საბჭოთა კავშირის დროიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნებს. მხოლოდ ახლა შენდება პოლონეთში ქარხანა, რომელმაც უკრაინის ომში დაზიანებული ტანკები უნდა გაარემონტოს. ქარხნის მშენებლობა ახლა დაიწყეს და როდის დასრულდება მისი მშენებლობა? უკრაინა კი ცაიტნოტშია. ამის დრო არ აქვს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 მილიონი 155-მილიმეტრიანი ყუმბარა დაამზადოს, მაგრამ ჯერ ფულიც არ შეუგროვებიათ, მერე უნდა დაუკვეთონ, რომ დაუკვეთონ, ამის შემსრულებელი ქარხნები უნდა აშენდეს. ეს ხანგრძლივი პროცესია.

როგორც ჩანს, თქვენ არ გაქვთ მოლოდინი, რომ მზადდება ნიადაგი რუსების მასშტაბური მარცხისთვის, როგორც ამას ამერიკელი ექსპერტების ნაწილი პროგნოზირებს. თუკი ჩავარდა უკრაინული კონტრშეტევა, მაშინ დასავლეთი უბიძგებს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმდეს?

- რასაკვირველია. ყველაზე ცუდი ვარიანტი უკრაინისთვის იქნება დღევანდელი სიტუაციის დაფიქსირება, ამას ლათინურად ჰქვია Uti possidetis, ანუ „რასაც ფლობ“ და რუსეთიც ამას ამბობს. რუსეთი ამბობს, ხელშეკრულება დავდოთ, ცეცხლი შევწყვიტოთ, ოღონდ ვინც რასაც ფლობს დღეს, ის დაუკანონდესო.

საქართველოსთან მიმართებითაც ასე მოხდა, ოკუპირებულ ტერიტორიებს არავინ აბრუნებს.

- დიახ, ჩვენზეც ამბობს რუსეთი, ახალი რეალობაა და მორჩაო. აგერ, რუსეთში უკვე დუმა ღებულობს კანონს, თუ როგორი არჩევნები ჩატარდეს ახალ ტერიტორიებზე, იგულისხმება ზაპოროჟიე, ხერსონი. ამის მიუხედავად, უკრაინის ომმა საერთოდ ყველაფერი შეცვალა, რუსეთი უკვე დამარცხებულია, სტრატეგიულ გათვლაში წაგებული აქვს. დღეს ვნახე ჩემს მიერ შენახული „გარდიანის“ სტატია, რომელიც 2018 წლით თარიღდება. სტატიის ავტორია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერი უილიამ ხეიგი. სტატიის სათაურია „ჩვენ ვერ შევძლებთ შევაჩეროთ ევროპის რუსიფიკაციის თანდათანობითი დამღუპველი პროცესი“. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც ხუთი წლის წინ დასავლეთში შიშობდნენ, რომ ევროპის რუსიფიკაცია მიმდინარეობდა, დღეს კი საპირისპირო რამ მოხდა, დღეს რუსეთის გაგონება ევროპაში აღარავის უნდა, ერთი ორბანიღა შერჩათ მოკავშირედ რუსებს, ისიც ნახევრად მოკავშირეა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხმას აძლევს, ევროპის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავს. გარდა ამისა, ვინ იფიქრებდა, ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდებოდნენ. რუკას რომ დავხედოთ, თუ როგორ არის ბალტიის ზღვა, ფინეთი ერთი მხრიდანაა, შვედეთი მეორე მხრიდან, ჩრდილოეთში ნორვეგიაა და ქვევით არის კალინინგრადი. ე.ი. ბალტიის ზღვა უკვე გახდა ნატოს შიდა ტბა. ამას გარდა, აგვისტოში იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბრიქსის სამიტი იმართება და არ იციან, პუტინი ჩავიდეს, თუ არ ჩავიდეს. იოჰანესბურგის მთავრობა სთხოვს პუტინს, ნუ ჩამოხვალ, რადგან რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო ვარ, იძულებული ვიქნები, დაგიჭიროო. ამას იფიქრებდა პუტინი ხუთი წლის წინ? ამიტომ რუსეთი უკვე წაგებულია, რუსეთი უმოკავშირეოდ რჩება. რაც შეეხება პუტინს, 70 წლის არის, მაგრამ დაბეჯითებით ირწმუნებიან მის ავადმყოფობაზე. ცეცხლის გარეშე კვამლი არ არის, ე.ი. რაღაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ. პუტინის შემდეგ ვინ იქნება?!

ის ფაქტი, რომ ბახმუტის უაზრო ბრძოლას ასი ათასი რუსი შეეწირა, პუტინის, როგორც სტრატეგოსის, კიდევ ერთი წარუმატებლობაა?

- ბახმუტზე რა უნდა ვთქვათ, 11 თვე ვერ აიღო რუსეთმა ერთი ქეციანი ქალაქი. ბახმუტი მცხეთისხელაა, დიდი ქალაქი არც არის. თანაც, იქ ძირითადად იბრძვიან „ვაგნერის“ მებრძოლები და ციხიდან გამოყვანილი პატიმრები. თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი რამ, პუტინს მკვლელები გამოჰყავს ციხიდან, ისინი ომობენ და 6 თვეში თუ გადარჩებიან, მერე თავისუფლები არიან.

„ვაგნერის“ ნახევარი რომ განადგურდა ბახმუტთან ბრძოლაში, ეს სამხედრო უკმაყოფილებას არ გამოიწვევს?

- „ვაგნერის“ მებრძოლები დიდ ფულს იღებენ ამ ბრძოლისთვის, მათ იციან, რისთვის მიდიან უკრაინაში და მზად არიან სიკვდილისთვის. ისინი პროფესიონალი სამხედროები არიან, მათ იციან, რომ შეიძლება მოკვდნენ ან გადარჩნენ. შანსი 50/50-ზეა.

რაც შეეხება რუსეთში პუტინის რეიტინგს, დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსები პუტინზე აზრს არ შეიცვლიან და ისევ დასავლეთისკენ გაიშვერენ ხელს, რადგან რუსი ხალხი ის ხალხია, რომელსაც არ სურს სინდისი ქენჯნიდეს უკრაინაში ნამოქმედარის გამო?

- გააჩნია რუსებსაც. რასაც ჰქვია პროვინციული რუსეთი, მათ წარმოდგენა არ აქვთ, დასავლეთი რა არის და არც უნდათ დასავლეთი. რა ჯანდაბა უნდათ დასავლეთში, ფული არ აქვთ, ენა არ იციან, პროფესია არ აქვთ, „ბასიაკი“ რუსები ვის რა ჭირად უნდა დასავლეთში, მაგრამ რუსი ელიტა, პრაქტიკულად, უკვე დასავლეთშია. ელიტა ელოდება, პუტინს რამე მოუვიდეს, მაგრამ სანამ პუტინი ცოცხალია, ვერავინ ვერ ბედავს ზედმეტის თქმას. რუსეთი უკვე იდგა ევროპის გზაზე, ერთი მილიარდერი ჰყავთ მაგათ, სმოლიანსკი, რომელიც ვენაში ცხოვრობდა, ომის დაწყებამდე დილას ვენიდან საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდებოდა მოსკოვში სამსახურში, საღამოს კი მიფრინავდა ოჯახში ვენაში.

თუკი კონტრშეტევის შემდეგ უკრაინა დამარცხდება, ეს ის შემთხვევა იქნება, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, თუ ზელენსკისკენ მიმართავენ ისრებს, რადგან დამარცხებული მხედართმთავარი არავის უყვარს? რეალურად, რა შერჩათ უკრაინელებს, დახოცილი ხალხი, ომის შედეგად განევროზებული ადამიანები, დანგრეული ქალაქები?

- უკრაინელებს ერთი რამ შერჩებათ-ბრძოლისუნარიანობა. რაც შეეხება ზელენსკის, მას უკრაინაში დიდი ავტორიტეტი აქვს. გარდა ამისა, ზელენსკის დღეს უკრაინაში ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს. უკრაინელ კორუმპირებულ ოლიგარქებს ხალხი არ მიიღებს. მე ახლა თბილისში ვარ და არ ვიცი, უკრაინაში რეალურად რა ხდება. თუმცა ისტორიაში 15 ომი მაინც იყო, როცა მთელი მსოფლიო მოტყუვდა მათ შედეგებში, დაწყებული საბჭოთა კავშირიდან. 1941 წლის 22 ივნისს ომი დაიწყო და ინგლისის გაზეთები იმაზე კამათობდნენ, რუსეთი (მაშინ ასე წერდნენ რუსეთიო, საბჭოთა კავშირის ნაცვლად) სამ კვირას გაუძლებდა, თუ სამ თვეს გერმანიის პირისპირ?! ვინ ელოდა გამარჯვებას? გარდა ამისა, ნაპოლეონის დამარცხებას პრუსიასთან აბსოლუტურად არავინ არ ელოდა. ასე რომ, ბევრი ომი მოულოდნელობით სავსეა.

თვითონ დასავლელი ექსპერტები ვარაუდობდნენ 24 თებერვალს, რომ კიევის დაცემა დღეების ამბავი იყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

- დიახ, ამიტომაც იყო, რომ იარაღის მიწოდებას არავინ არ ფიქრობდა უკრაინისთვის, ამერიკაში გეგმებს ამუშავებდნენ, რუსეთი რომ დაიპყრობდა უკრაინას, მერე პარტიზანულ ომებში როგორ დახმარებოდნენ უკრაინას, როგორც მოჯაჰედებს ეხმარებოდნენ ავღანეთში. ამიტომ ყველა სცენარი მოსალოდნელია. ერთი რამ ფაქტია, რუსები ძალიან მაგრად ემზადებიან თავდაცვისთვის. ისეთი საფორტიფიკაციო ნაგებობები აქვთ, ინგლისური დაზვერვა წერდა, ბოლო 50 წელში ასეთი ნაგებობები არსად არის აგებულიო.

 

 

Maverick მე ვერ გავიგე!
თუ, "რუსები ძალიან მაგრად ემზადებიან თავდაცვისთვის. ისეთი საფორტიფიკაციო ნაგებობები აქვთ, ინგლისური დაზვერვა წერდა, ბოლო 50 წელში ასეთი ნაგებობები არსად არის აგებულიო."
თავდაცვისთვისაც მზად არის, შეტევასაც ახერხებს რატომ არის წაგებული?!
1 წლის უკან