„განვითარების ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, ცხოვრების ხარისხითა და საერთაშორისო პროცესებზე გავლენის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი შეიძლება მსოფლიოს დედაქალაქად ჩაითვალოს,“ - ასეთ დასკვნამდე მივიდა ჟურნალი „Intelligent Life“, როდესაც ერთმანეთს ამ წოდებაზე წარდგენილი ცხრა პრეტენდენტი ქალაქი შეადარა.
პრეტენდენტთა სია კი ასე გამოიყურებოდა: პეკინი, შანხაი, ტოკიო, დელი, მუმბაი, მეხიკო, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ლონდონი.
ქალაქები ხუთი პარამეტრით ფასდებოდა: ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა, შემოსავალი და კეთილდღეობა, განათლება, კონტაქტები და ეკონომიკური კავშირები, კულტურა.
აღმოჩნდა, რომ რეიტინგის ავტორთა მოთხოვნები სრულად მხოლოდ ლონდონმა დააკმაყოფილა: აქ არის განვითარებული ფინანსური ბაზარი და სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული გლობალური კავშირების დიდი ქსელი.
ნიუ-იორკი ლონდონს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება - ეკონომიკური ძლიერებითა და პოლიტიკური გავლენით. პეკინს „არ ეყო უცხოელები“ (მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი), რომ ამ ტიტულს დაუფლებოდა.
ვაშინგტონს კი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს მსოფლიოში, ამისთვის ქარიზმა დააკლდა.
მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ქალაქად დასახელებულია მუმბაი.