ადრიანომ კარიერა დაასრულა

ადრიანომ კარიერა დაასრულა

დღეს დილით გამოცემამ „Globo” გაავრცელა ცნობა, რომ ცნობილმა ბრაზილიელმა მოთამაშემ, 31 წლის ადრიანომ პროფესიული საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

2010 წლის ივნისიდან ადრიანომ სამი კლუბი გამოიცვალა და მხოლოდ 16 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მისი უკანასკნელი გუნდი ბრაზილიური „ფლამენგო“ გახლდათ. საინტერესოა რომ ფეხბურთელი ამ კლუბში გასული წლის აგვისტოში ჩაირიცხა და მისი მაისური დღემდე არ მოურგია.

ბრაზილიური მას-მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადრიანო ალკოჰოლურ სასმელებს მიეძალა და წონაშიც საგრძნობლად მოიმატა.

საფეხბურთო სამყაროში ადრიანომ სახელი იტალიურ „ინტერსა“ და „პარმაში“ ასპარეზობებით მოიხვეჭა. მილანურ გუნდში ორჯერ თამაშობდა. თავდაპირველად 2001-2002 წლებში, შემდეგ კი 2004-2009 წლებში. ამ გუნდში 166 მატჩი ჩაატარა და საკუთარ აქტივში 70 გოლი მიითვალა. „პარმაში“ 2002-2003 წლებში გამოდიოდა და 44 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.

2000-2010 წლებში ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა. ნაკრების მაისური 48 მატჩში მოირგო და 29 გოლი მიითვალა.