საქართველოში საბავშვო მწერლობას განსაკუთრებულად კარგი დღე ნამდვილად არ უდგას. ამას მრავალი მიზეზი აქვს. დღევანდელ სალიტერატურო სივრცეში რამდენიმე ავტორის სახელი ჟღერს, რამდენიმეც ბავშვობიდან გვახსოვს და სულ ეს არის. მაგრამ მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა ხელეწიფება, თავიანთი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით არც რეკლამა უკეთდებათ და არც რაიმე წახალისება აქვთ, ამიტომ ქართველი ბავშვები თავიანთ მწერლებს თითქმის არ იცნობენ.
ძველი ავტორებიდან დღეს საბავშვო ლიტერატურას შემორჩნენ დოდო ხიმშიაშვილი, ქათევან ჭილაშვილი, ოტია იოსელიანი, ვლადიმერ ასლამაზიშვილი და გაჩნდა ახალი სახელებიც: ირმა მალაციძე, თეა ლომაძე, ნანა კაციაშვილი, მარიამ წიკლაური-ძიძიგური, თამრი ფხაკაძე, რომლის საბავშვო ნაწარმოებები ისევე საინტერესოა, როგორც საუფროსო.
ქართული გამომცემლობები შიგადაშიგ კი გამოსცემენ ქართველ საბავშვო ავტორებს, მაგრამ იმ ოდენობით არა, როგორც უცხოელებს. ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ ვიდრე უცნობ ავტორს გააცნობდე მკითხველს, უფრო იოლია ცნობილი სახელის გაყიდვა. ამის ფონზე მკითხველი აცხადებს, რომ ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობს. როგორ არ არსებობს, მაგრამ ამ ავტორთა სახელები არავინ იცის.
ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციას ისიც აფერხებს, რომ არ არსებობს საბავშვო პერიოდიკა. ცნობილი ჟურნალი “დილა“, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ყველა ოჯახში იყო გამოწერილი და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა, დღეს ორ თვეში ერთხელ გამოდის და მისით ბავშვები და მათი მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან.
როცა გამომცემლობები ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე საუბრობენ, ისინი არც თუ ისე უსამართლოდ აღნიშნავენ, რომ საქართველოში საბავშვო ლიტერატურის ხარისხი არც თუ ისე მაღალია.
ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა აზრი, რომ კომერციული თვალსაზრისით ქართველ გამომცემლებს უცხოური ავტორების გამოცემა ურჩევნიათ, ხოლო ცნობილ სახელებთან მეტოქეობა ახალგაზრდა ქართველ ავტორებს ძალიან უჭირთ. ამის საილუსტრაციოთ გამუდმებით ასახელებენ მადონას ზღაპრებსა და “ჰარი პოტერს“. მადონას ზღაპრების რა მოგახსენოთ, მაგრამ “ჰარი პოტერის“ პოპულარობა მისი ამ ნაწარმოების ხარისხმა გამოიწვია და არა მისი ავტორის ასაკმა.
ამას გარდა, სიახლე არ არის იმის აღნიშვნა, რომ ბოლო დროს წიგნის ფასმა ძალიან მოიმატა. მშობლები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ წიგნის საყიდლად ფული აღარ რჩებათ, თუმცა კი, თუკი წიგნის ფასს კინოთეატრის ბილეთის ფასსა და სკოლის მოსწავლეთა მობილურზე ლაპარაკის თანხას შევადარებთ, მივხვდებით, რომ ქართველებს წიგნის მიმართ დამოკიდებულება უფრო შეგვეცვალა. ამაზე დაცარიელებული საბავშვო ბიბლიოთეკებიც მეტყველებს.