არჩილ თალაკვაძე: 2024 წლის იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისთვის კი არა, რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ რაიმე ძალა და გეგმა კიდევ აქვთ შერჩენილი

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლის იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისთვის კი არა, რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ რაიმე ძალა და გეგმა კიდევ აქვთ შერჩენილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

„კობა ნაყოფიამ დაადასტურა ის, რაც მამუკა მდინარაძემ თქვა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, სადაც შეუძლიათ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება როგორმე შეაფერხონ და როგორმე გადადონ დროში. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკა და ახსნა - ის, რაც თქვა კობა ნაყოფიამ, რომ მათ სურთ ამით მიიღონ გარკვეული დესტაბილიზაციის მუხტი ქვეყანაში და შემდეგ ეს გამოიყენონ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. სხვა რაიმე ახსნა იმას, რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად არ გააჩნიათ, და კობა ნაყოფიამ ეს ძალიან პირდაპირ და გასაგებად უთხრა საზოგადოებას. [კობა ნაყოფია] 2024 წლის იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს ოპოზიციას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ მათ [ნაციონალურ მოძრაობას] უკვე პოლიტიკური კალენდარიც აქვთ არეული და პოლიტიკური კურსიც აქვთ დაკარგული. იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისთვის კი არა, 2024 წელს რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს მათი პარტია თუ რაიმე ძალა და რაიმე გეგმა კიდევ აქვთ შერჩენილი. ისინი არიან ქვეყნის ოპოზიციაში და არა „ქართული ოცნების“, ან ხელისუფლების ოპოზიციაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.