ორი კვირის წინ არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ მუხლის მცირე ტრავმა მიიღო. დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად ფეხბურთელს იტალია-არგენტინის ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მაინც მოუწია.
რამდენიმე დღის წინ ესპანეთის მორიგი საფეხბურთო პირველობა დაიწყო და გამოჯანმრთელებულმა მესიმ „ლევანტეს“ წინააღმდეგ ტაიმნახევარი ითამაშა.
გუშინ მადრიდის „ვისენტე კალდერონის“ სტადიონზე ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი გაიმართა. „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
ლეო მესიმ მინდორზე მხოლოდ პირველი 45 წუთი გაატარა. ფეხბურთელი მეორე ტაიმში სათამაშოდ აღარ გამოსულა.
დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ არგენტინელმა მოედანი მარჯვენა ბარძაყის დაზიანების გამო დატოვა.
დღესვე მესი საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრავმის სირთულეც ცნობილი გახდება. დიდია ალბათობა რომ მოთამაშეს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს.