საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღეს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ჩიქოვანი შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ და დეტალურად გაუზიარებენ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
„დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ. ამ შეხვედრაზე დეტალურად იქნება გაზიარებული ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან. კერძოდ, საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც მათი თბილისში ვიზიტის შემდეგ იყო მიღწეული. დეოლიგარქიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არის მყარი, გამართული და, რაც მთავარია, არგუმენტირებული. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან მათ ინფორმაცია პირველი წყაროდან მიეწოდებათ. ეს იქნება არა მხოლოდ განცხადებები, რასაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ იქნება ფაქტები და არგუმენტები. ამიტომ ამ შეხვედრიდან პოზიტიურ გამოეხმაურებას ველოდებით. ეს მეტ სიცხადეს შემოიტანს იმ პროცესში, რაც დაკავშირებულია ნაკისრი ვალდებყლებების შესრულებასთან“, - აცხადებს მიქანაძე.