კაცობრიობა ათასწლეულებია ცდილობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. ამისათვის უკვე მრავალი მეთოდი — მათ შორის, გაყინვა, მარხვა, მცენარეული საშუალებები და მრავალი სხვა — ვცადეთ.
ცოტა ხნის წინ, მილიარდერებმა, ლარი პეიჯის, მარკ ცუკერბერგისა და ჯეფ ბეზოსის ჩათვლით, სოლიდური თანხები ჩადეს ბიოტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიცაა: Altos Labs, Juvenescence და Unity Biotechnology — რომლებიც ცდილობს სიცოცხლის გახანგრძლივებას უჯრედების გაახალგაზრდავებისა და დაავადებების პრევენციის გზით.
ამ დროისათვის, ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლედ, რომელიც კი ვინმეს ჰქონია, 122 წელი ითვლება. თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, სულაც არ წარმოადგენდეს ჩვენს პოტენციურ ლიმიტს.
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ლიმიტი შეიძლება 150 წელი იყოს
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცხოვრებდით დაავადების ან რაიმე საფრთხის გარეშე, თქვენი სხეული მაინც გაიცვითებოდა, რადგან იგი ტუმბავს სისხლს, ამუშავებს საკვებს და ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც აუცილებელია გადარჩენისთვის.
რაც უფრო ვიზრდებით, მით მეტი დრო დასჭირდება ჩვენს სხეულს ამ ცვეთისგან აღსადგენად, რადგან დაბერება ჩვენს უჯრედებსა და დნმ-შია გაწერილი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქსოვილები თანდათან კარგავს განკურნების უნარს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები და დისფუნქცია.
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმის გამოჯანმრთელების დრო ყოველ 15 წელიწადში ორმაგდება — ასე რომ, სისხლჩაქცევას, რომლის შეხორცებასაც ერთი კვირა სჭირდება 40 წლის ასაკში, შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს 55 წლის ასაკში. საბოლოოდ, ადამიანის სხეული კარგავს მთელ თავის გამძლეობას და როდესაც სხეულის უამრავი ნაწილი გაუმართავია, იგი უბრალოდ კვდება.
მკვლევრები ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალურ ზღვარზე ვერ თანხმდებიან. ზოგიერთი მაქსიმუმად 115 წელს მიიჩნევს, ზოგიერთი კი — 130-ს. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ, რომელმაც გააანალიზა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ივარაუდა, რომ ადამიანები კარგავენ გამძლეობას 120-150 წლის ასაკში.
ახლა კი შეგვიძლია დავსვათ საკვანძო კითხვა: რა მოხდება, თუკი შევძლებთ, შეანელოთ ეს ცვეთა, ან, კიდევ უკეთესი, თავიდან ავიცილოთ იგი? ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სამედიცინო მიღწევების წყალობით, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ბუნებრივი ზღვარი არ გააჩნია.
ამ საკითხის გასარკვევად, მნიშვნელოვანია, შევხედოთ დაბერების პროცესს უჯრედულ დონეზე.
უჯრედული დაბერება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოკვლეული თემაა
უჯრედული დაბერება წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც უჯრედი წყვეტს რეპროდუქციას, მაგრამ არ კვდება. ასეთ დროს ზოგიერთი დაბერებული უჯრედი გადაიქცევა გამანადგურებელ "ზომბიდ", რომელიც გამოყოფს ანთებით ქიმიკატებს და აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს, მათ შორის, ღეროვან უჯრედებს — თქვენი სხეულის "აღმდგენებს", რომლებიც ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის შეცვლას.
მაგრამ ყველა დაბერებული უჯრედი სულაც არ არის დესტრუქციული. პოლ რობინსის (Institute on the Biology of Aging and Metabolism-ისა და University of Minnesota-ს Medical Discovery Team on the Biology-ის ასოცირებული დირექტორის) თქმით, ზოგიერთი დაბერებული უჯრედი გამოყოფს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უწყობს ჭრილობების აღდგენას.
კომპანიები, როგორებიცაა: Life Biosciences და Unity Biotechnology — ამჟამად ავითარებს წამლებს, სახელწოდებით senolytics, რომელიც შეაკავებს და გაანადგურებს მხოლოდ "ცუდ" დაბერებულ უჯრედებს. ზოგიერთმა ექსპერიმენტულმა წამალმა კი, შესაძლოა, მოახერხოს უჯრედების დაბერების პრევენცია. თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ შეგვიძლია სრულად ავირიდოთ ან აღმოვფხვრათ მავნე დაბერებული უჯრედები.
რობინსის თქმით, 60 წლის ასაკისთვის ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით, იმუნურ სისტემას, უჭირს მავნე დაბერებული უჯრედების მოშორება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება და უკმარისობა.
უჯრედული დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დნმ-ის დაზიანება. ამ საკითხმა ხელი შეუწყო სხვა კვლევას, რომლის ავტორებსაც 2009 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, თუ როგორ იცავს ქრომოსომებს ტელომერები და ფერმენტი ტელომერაზა.
ტელომერების საშუალებით შესაძლებელია თქვენი ბიოლოგიური ასაკის შეფასება
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური ასაკი — რამდენი წლისაა თქვენი უჯრედები და ქსოვილები — არის თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის უკეთესი პროგნოზი, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკი. ბიოლოგიური ასაკის შეფასების გავრცელებული გზა არის ტელომერების გაზომვა გარკვეულ იმუნურ უჯრედებში.
ტელომერები თქვენი დნმ-ს ბოლოებში არსებული დამცავი ქუდებივითაა. ისინი შედგება მოლეკულების მწკრივებისგან, რომლებსაც ბაზის წყვილები ეწოდება. ასაკის მატებასთან ერთად, ეს ბაზის წყვილები ქრება და ტელომერები მოკლდება, რაც დნმ-ს მოწყვლადს აქცევს დაზიანებისა და დაბერების შედეგების მიმართ.
როცა ადამიანი იბადება, ლეიკოციტებში არსებულ ტელომერებს შეიძლება ჰქონდეს 7 000-დან 11 600-მდე ბაზის წყვილი. ბოლო კვლევის მიხედვით, როგორც კი ეს რიცხვი 5 000-მდე ჩამოვა, ადამიანი გარდაუვალი სიკვდილის მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
მაგრამ სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ტელომერები ზოგიერთი ადამიანისა, რომელიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობს, ყოველწლიურად უფრო გრძელდება და არა — პირიქით. ამან აიძულა ზოგიერთი მეცნიერი, გამოეკვლია ახალგაზრდებში ტელომერების აღდგენის პროცესის მიბაძვის გზები.
მაგალითად, Aviv Clinics-მა ჩაატარა კვლევა, რომელშიც ცდილობდნენ, გაერკვიათ, თუ როგორ რეაგირებდა 35 ხანდაზმული ადამიანი ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიაზე (HBOT). 30 ყოველდღიური HBOT სესიის შემდეგ მათ მოახერხეს ტელომერების სიგრძის გაზრდა მონაწილეთა ლეიკოციტების უჯრედებში. მაგრამ ტელომერების უმეტესობამ შეწყვიტა ზრდა 30-ე სესიის შემდეგ და მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის ეფექტი.
დნმ-ის მეთილაცია უკავშირდება რამდენიმე ასაკობრივ დაავადებას
დნმ-ის დაზიანებისა და უჯრედების დაბერების კიდევ ერთი ხელშემწყობი არის დნმ-ის მეთილაცია — პროცესი, რომლის დროსაც მოლეკულები, რომლებსაც მეთილის ჯგუფები ეწოდება, უერთდება გენების გარკვეულ მონაკვეთებს მათი ქცევის სამართავად.
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მეთილის ჯგუფებმა შეიძლება დაბლოკოს გენების გააქტიურება ან, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიეროს გენის აქტივობა.
ზოგადად, დნმ-ის მეთილაცია მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არასწორი გენების გააქტიურებას.
კვლევამ მეთილაციის დაქვეითება დაუკავშირა რამდენიმე ასაკობრივ დაავადებას, მათ შორის, ალცჰაიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეთილაციის ყველა ცვლილება უარყოფითი არ არის.
ტელომერების მსგავსად, დნმ-ის მეთილაცია არის კიდევ ერთი გზა, რომლითაც მეცნიერებს შეუძლიათ, გაზომონ თქვენი ბიოლოგიური ასაკი, რათა დაგეხმარონ სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებაში. მაგალითად, შეიძლება 55 წლის იყოთ, მაგრამ წლების განმავლობაში მოწევის შემდეგ, თქვენს უჯრედებს, შესაძლოა, ჰქონდეს მეთილაციის დონე, რომელიც შეიმჩნევა 60 წლის ასაკში, რითაც პოტენციურად მცირდება თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ტრადიციულად, დნმ-ის მეთილაციის ტესტებისთვის იყენებდნენ სისხლს, მაგრამ კომპანიებმა, როგორიცაა Elysium Health და კვლევითმა პროექტებმა, როგორიცაა GrimAge, ახლახან შეიმუშავა ნერწყვის ტესტებიც.
კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომელთა მეთილაციის ასაკი, სულ მცირე, 5 წლით აღემატება მათ ქრონოლოგიურ ასაკს, აქვთ 16%-ით მაღალი სიკვდილიანობის რისკი თავიანთ თანატოლებთან შედარებით.
მიტოქონდრია და თავისუფალი რადიკალები სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა
დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენს უჯრედებში არსებული პაწაწინა, ლობიოს ფორმის მიტოქონდრია. ეს მიკროსკოპული სტრუქტურები წარმოქმნის უჯრედის ენერგიის უმეტეს ნაწილს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ქმნის ქვეპროდუქტებს, რომლებსაც თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ.
თავისუფალი რადიკალები ძირითადად არასტაბილური ატომებია, რომლებიც აქეთ-იქით მოძრაობს და ვნებს თქვენი უჯრედის ნაწილებს, რაც იწვევს ზიანს, რომელსაც ეწოდება ოქსიდაციური სტრესი. დროთა განმავლობაში, ოქსიდაციური სტრესი გროვდება, რაც წარმოშობს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორებიცაა: პარკინსონი, ალცჰაიმერი და კიბო.
ბიოტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Altos Labs, მუშაობს ამ დაავადებების თავიდან აცილების გზებზე, უჯრედების გაახალგაზრდავებითა და იმ ზიანის აღმოფხვრით, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ოქსიდაციურმა სტრესმა. კომპანია იმედოვნებს, რომ უჯრედების ჯანსაღ, ახალგაზრდა მდგომარეობაში გადაყვანამ შეიძლება გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი
ყველა იმ მექანიზმის შესასწავლად, რომლებიც ხელს უწყობს დაბერებას, არსებობს სხვადასხვა მკვლევართა ჯგუფი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების თავსატეხისთვის ერთი, მარტივი გამოსავალი არ არსებობს, რადგან ზემოხსენებული ყველა პროცესი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.