უზრუნველვყავით ყველას, ჩვენი და „My Way Airlines“ თანამშრომლების, გაყვანა ქალაქ ხართუმიდან ბევრად უსაფრთხო ლოკაციაზე, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ჯეო სქაის“ ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შეძლეს.
„უზრუნველვყავით ყველას, ჩვენი და „My Way Airlines“ თანამშრომლების, გაყვანა ქალაქ ხართუმიდან ბევრად უსაფრთხო ლოკაციაზე, სადაც არც შეტაკებებია და არც სროლები. წყალიც არის და დენიც და შემდეგი ნაბიჯი უკვე ქვეყნიდან გამოყვანაა“, - განაცხადა შალვა კიკნაძემ.
სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, რომელთა ნაწილი ავიაკომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლები არიან. საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უზრუნველყოფილი არიან წყლითა და საკვებით. მათ გრაფიკით მიეწოდებათ ელექტროენერგია.
კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. მათი თქმით, ისინი ელოდებიან სუდანში ვითარების სტაბილიზაციას, რათა ქართველები სამშობლოში დააბრუნონ.