მე ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
მდინარაძის განცხადებით, ასეთი ოპერაციები ფილმებში გვინახავს, შესაბამისად, ბაჩიაშვილის ვერსია მას ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
"ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული წამოიყვანა სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია, ამიტომ, მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება, ასეთი საკითხები დეტალურად იქნას გამოძიებული, მათ შორის, მისი დაკავების დეტალები და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს. თუმცა, მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებული ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.