კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში სურთ საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„არეულობა კი არ გვინდა, ან ქვეყანაში დაძაბულობა, ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში შევქმნათ კომისია. თუ ვერ შევქმნით კომისიას, დსიკომფორტი შევუქმნათ [ხელისუფლებას] მათ შორის პერფორმანსით, ქუჩის პროტესტით“, - განაცხადა პაატა მაჯგალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.