„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე დავით კეზერაშვილზე: ჩვენ როგორც ვიცით, დაწყებულია უკვე გამოძიება ამ მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე დავით კეზერაშვილზე: ჩვენ როგორც ვიცით, დაწყებულია უკვე გამოძიება ამ მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი დავით კეზერაშვილზე BBC-ის საგამოძიებო ფილმს გამოეხმაურა. მისი თქმით, სქემა, რაც მიმოხილული იყო, სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ძალიან სერიოზული ფაქტები იყო მოყვანილი გამოძიებაში და რა თქმა უნდა ის სქემა, რაც არის მიმოხილული, სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ამაზე გამოძიება გაგრძელდეს. ჩვენ როგორც ვიცით, დაწყებულია უკვე გამოძიება ამ მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ და აუცილებელია დადგინდეს ყველა ის დამნაშავე, ვინც ჩართული იყო ამ სქემაში, მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებიც ხელს აფარებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ სქემის მუშაობას. ნებისმიერი თანხა, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსების სახით სხვადასხვა წყაროსგან, უნდა იყოს დეკლარირებული, უნდა იყოს იმ ზღვრებსა და შეზღუდვებში მოქცეული, შეესაბამებოდეს იმ რეგულაციებს, რაც საქართველოში მოქმედებს. ცალსახად კანონიერი გზით უნდა იყოს ფული მოპოვებული და ამ მხრივაც თუ რაიმე კითხვები არსებობს, აუცილებელია, რომ ამაზე გამოძიება იყოს დაწყებული“, - განაცხადა ნატროშვილმა.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.