„ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებული შეთანხმება შესრულდება.
„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაბლოკა პარლამენტის მუშაობა - ამით მან უარი თქვა თავისივე განხილული კანონპროექტების კენჭისყრაზე და ამ გზით არ მიგვიშვა ხმის მიცემამდე. „ლელო“ არის სრულად წარმოდგენილი. ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს საკუთარ თავზე და იმ შეთანხმების შესრულების იმედი გვაქვს, რომელიც ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებობს“, - აცხადებს უსუფაშვილი.
სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართება. გუშინდელ სესიაზე კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - სასამართლო ხელისუფლების სოლიდარობის ნიშნად „ქართულ ოცნებას“ რეგისტრაცია არ გაუვლია.